
ილია დარჩიაშვილმა ევროკავშირის ელჩს გაფართოების პაკეტის ფარგლებში მომზადებული პირველი ანგარიში გადასცა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ანგარიში 2023 წლის 18 აპრილს, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 66-ე სხდომის ფარგლებში დამტკიცდა.
უწყების ცნობით, დოკუმენტი 35 თავს მოიცავს და მასში ასახულია ევროკავშირთან დაახლოების კუთხით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს მიერ განხორციელებული საკანონმდებლო, ინსტიტუციური და სხვა სახის აქტივობები და ამ კუთხით სახელმწიფოს მიერ მიღწეული პროგრესი.
"საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს ესაა გადმომცა ევროკავშირის გაფართოების პაკეტის ფარგლებში საქართველოს მიერ მომზადებული ანგარიში. ეს არის ერთ-ერთი ელემენტი, რომელთან დაკავშირებითაც გვქონდა კონსულტაციები სამოქალაქო საზოგადოებასთან, საერთაშორისო პარტნიორებთან. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნულ ანგარიშზე, რომელსაც ევროკომისია ოქტომბერში გამოაქვეყნებს. საქართველო პირველად მონაწილეობს ამგვარ აქტივობაში. ანგარიში წარედგინება წევრ სახელმწიფოებს, რომლებიც მოგვიანებით, კერძოდ, დეკემბერში გადაწყვეტენ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას საქართველოს ურთიერთობებთან და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებით",- ამბობს პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი.
აღნიშნული ანგარიშის საფუძველზე, ევროკომისია საქართველოს ე.წ. კოპენჰაგენის თემატური კრიტერიუმების მიხედვით შეაფასებს, რაც მოიცავს როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ და სექტორულ ნაწილებს. ევროკომისიის შეფასების ანგარიში გამოქვეყნდება 2023 წლის შემოდგომაზე,რის საფუძველზეც, 2023 წლის ბოლოს ევროპული საბჭო განიხილავს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს.