დაპირისპირება მთავარი ოპოზიციური პარტიის რეგიონულ ფლანგზე - კასპში "ნაციონალური მოძრაობა" ორად არის გაყოფილი და ახლა უკვე ორი ოფისი აქვს. ქალაქში ძველი და მოქმედი თავმჯდომარეების მხარდამჭერები ერთმანეთს ღიად დაუპირისპირდნენ.
პარტიაში ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ენმ-მ მეორე ოფისი გახსნა და ძველი ოფისიდან ახალი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით კომპიუტერული ტექნიკა და ინვენტარი წაიღეს.
ნიკა მელიას მხარდამჭერები განვითარებულ მოვლენებს ხაბეიშვილის გუნდის მხრიდან პოლიტიკურ შურისძიებად აფასებენ და ამბობენ, რომ ახალი ხელმძღვანელობა მათ წინასაარჩევნოდ ნიკა მელიას მხარდამჭერ განცხადებებს არ პატიობს.
"დაახლოებით 1 კვირის წინ ცენტრალური ოფისიდან მოვიდა ბატონი ზურაბ ოზგებაშვილი, რომელმაც განგვიცხადა, რომ ოფისის ინვენტარი უნდა წაეღო, ვინაიდან ის იყო პარტიის ბალანსზე. რა თქმა უნდა, ჩვენ არანაირი წინააღმდეგობა და პრეტენზია არ გამოგვითქვია. ყველას გვახსოვს აქ იყო აქტივისტების მისაღები ოთახი, სადაც განთავსებული იყო სავარძლები. ეს სავარძლები მხოლოდ იმიტომ დარჩა, რომ ავტომობილზე აღარ დაეტიათ. სამუშაო ბანერები, დაფა წაიღეს, მაგიდა და სკამები, აბსოლუტურად მთლიანი მოწყობილობა იყო პარტიის ბალანსზე და წაიღეს.
მომწონდა და ვიყავი ნიკა მელიას პოლიტიკის მომხრე. ეს არავისთვის არ ყოფილა დასამალი. არჩევნების შემდგომ მზად ვიყავით მათთან ერთად გვებრძოლა, თუმცა მათი მხრიდან ხდება გამიჯვნა. საერთოდ აღარ გვეკონტაქტებოდნენ. მოქმედი დეპუტატები ყრილობაზეც კი არ დაგვპატიჟეს" - ამბობს გიორგი შარიფაშვილი კასპის საკრებულოს წევრი ენმ-დან.
დაპირისპირებასა და პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უარყოფენ ენმ-ის მმართველ ფლანგში. ხაბეიშვილის მხარდამჭერები ამბობენ, რომ ახალი ოფისის გახსნა პარტიის განახლების ნაწილია.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის ბრალდებები, რომელიც მოდის მელიას მხარდამჭერებისგან, ეს არის ცრუ ბრალდება. ახალ ოფისს არაფრად სჭირდება მოძველებული ინვენტარი, ეს სამეურნეო სამსახურმა ჩამოსაწერად გაამზადა და ექნებათ კასპელ პატრიოტებსა და თანამებრძოლებს განახლებული ოფისი, განახლებული ინვენტარით, რაც შეეხება იმას რომ ვიღაც მელიას გუნდია და ვიღაც არა , ვფიქრობთ, რომ პირველ რიგში ჩვენ ვართ მიხეილ სააკაშვილის გუნდი",- ამბობს ანა ბალიაშვილი ენმ-ის წევრი.
ცნობისთვის, კასპში ენმ-ის რაიონული ორგანიზაცია თავმჯდომარის გარეშეა დარჩენილი. მას შემდეგ, რაც ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს, ნუგზარ ნონიაშვილმა, რომელიც რაიონულ ორგანიზაციას მართავდა თანამდებობა დატოვა და მის მოვალეობას ითავსებს რეგიონული ლიდერი, ბადრი ბასიშვილი. "მე მინდა, ვურჩიო მელიას გუნდის წევრებს მორჩნენ წუწუნს, ეს ხელს უწყობს "ოცნების" გაძლიერებას. ჩვენი ოფისის კარები ღიაა, ჩვენთან ერთად იშრომონ... მე ვეპატიჟები მათაც, ვინც ვერ შეეგუვნენ ახალი თავმჯდომარის არჩევას პარტიაში",- ამბობს ბასიშვილი.