
სახალხო დამცველის თქმით, მოსამართლეებთან დაკავშირებული საკითხის პარლამენტში გარკვევა მნიშვნელოვანია. ლევან იოსელიანი ამბობს, რომ საზოგადოება იმსახურებს, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დაისვას ის კითხვები, რაც წლების განმავლობაში არსებობს:
"თქვენ იცით, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის მოსამართლეებთან დაკავშირებული საკითხი და პარლამენტში ამ საკითხის გარკვევა, მეც მიმაჩნია, რომ არის მნიშვნელოვანი, მათ შორის, ისმის ეს პროცედურული ომი, რომელიც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მიმდინარეობს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, საზოგადოება იმსახურებს იმას, რომ საგამოძიებო კომისიამ ის კითხვები, რაც არსებობს ქართულ საზოგადოებაში, რაც ამდენი ხანია დაგროვილი, დაისვას საგამოძიებო კომისიის ფარგლებში. ეს გამჭვირვალობა და ღიაობა ამ პროცესს მხოლოდ წაადგება და თუ რამე კითხვის ნიშნები არსებობს ერთი მხარის ან მეორე მხარის მიმართ, ამ კითხვებზე იქნება პასუხი გაცემული", - თქვა იოსელიანმა.
შეგახსენებთ, ოპოზიცია მოსამართლეთა კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. საკითხი კენჭისყრაზე უმრავლესობის მიზეზით უკვე ორჯერ ვერ გავიდა. "ქართული ოცნების" წევრები "მოსამართლეების სოლიდარობის" მოტივით, რეგისტრაციას არ გადიან.
საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა ოპოზიციამ მას შემდეგ დააყენა, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხ მოსამართლეს სანქციები დაუწესა და ოჯახის წევრებიანად, აშშ-ში შესვლა აუკრძალა.