"ქართულმა ოცნებამ" მოსამართლეების კორუფციული საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა უკვე მესამედ ჩააგდო. უმრავლესობის წარმომადგენლებმა სესიაზე რეგისტრაცია არც ამჯერად გაიარეს.
ამ გადაწყვეტილების მოტივად კი ირაკლი კობახიძემ და მამუკა მდინარაძემ ისევ "მოსამართლეების სოლიდარობა" დაასახელეს.
"ჩვენ პრინციპულად ვდგავართ ამ პოზიციაზე, რა თქმა უნდა, დაცული იქნება სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპი ჩვენი მხრიდან, შესაბამისად, დღესაც, ბუნებრივია, არ გავივლით ამ პროცედურას", - თქვა კობახიძემ.
"ამ გადაწყვეტილებით ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართულ სახელმწიფოს და ქართულ სასამართლოს", - თქვა მდინარაძემ.
ცნობისთვის, საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. მესამე დღეა, ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში მობილიზებულია იმისათვის, რომ ინიციატივას კენჭისყრაზე მხარი დაუჭიროს.