
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პოსტს ზაალ მიქელაძის ნაცვლად ნინო ნიჟარაძე დაიკავებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე გააჟღერა.
დღეს აჭარის ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ უკვე წარმოადგინა მუშაობის ოთხი წლის ანგარიში. მე მინდა მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის და ასევე წარმატება ვუსურვო იმ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევაში - დარწმუნებული ვარ, რომ ის ძალიან მაღალი ნდობით შეძლებს გახდეს ქობულეთის მაჟორიტარი. რაც შეეხება მინისტრს, ეს იქნება ქალბატონი ნინო ნიჟარაძე, რომელსაც ყველანი კარგად იცნობთ. ის გახლავთ მინისტრის პირველი მოადგილე. შესაბამისად, მინისტრთა კაბინეტში ჯანდაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს, ქალბატონი ნინო, - თქვა თორნიკე რიჟვაძემ.
ნინო ნიჟარაძე მანამდე მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ზაალ მიქელაძე კი 4-წლიანი მინისტრობის შემდეგ არჩევნებში "ქართული ოცნების" მაჟორიტარად იყრის კენჭს. მიქელაძე 2020 წლის არჩევნებში ქობულეთის მაჟორიტარი კანდიდატი იქნება.
რიჟვაძის თქმით, ნინო ნიჟარაძემ თავი განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, კორონავირუსთან ბრძოლაში გამოიჩინა.