
"მე არ ვიცი, რამდენად შეიძლება ნაფიცი მსაჯულები მონაწილეობდნენ ლაზარეს პროცესში. მგონი, ამ მუხლებს არ ეხება ნაფიცი მსაჯულები და თუ შეიძლება, რომ პარლამენტში ამ ინიციატივით შევიდნენ", - ამის შესახებ 7-9 მარტის აქციების შემდეგ დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის ბაბუამ, გია კალანდაძემ TV პირველის ეთერში ისაუბრა.
"ჩემი ბიჭი იყო სწორ დროს, სწორ ადგილას და სწორი საქმისთვის იყო იქ. მე არ ვიცი ეს მართლმსაჯულება როგორ წავა, მაგრამ დიდი იმედი არ მაქვს, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც უნდა იყოს… მე აქედან ყველაფერს ვაკეთებ რისი გაკეთებაც შემიძლია. როგორც მეუბნებიან, ლაზარე, არის მხნედ, ვაჟკაცურად, იქედან მამხნევებს, ბაბუ, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნებაო, ანუ კარგად არის.
მე არ ვიცი, რამდენად შეიძლება ნაფიცი მსაჯულები რომ მონაწილეობდნენ ლაზარეს პროცესში. მგონი, ამ მუხლებს არ ეხება ნაფიცი მსაჯულები და თუ შეიძლება, რომ პარლამენტში ამ ინიციატივით შევიდნენ", - თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. უწყება მას "რუსული კანონის" გასაპროტესტებლად გამართულ აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმასა და სხვისი ნივთების დაზიანებას ედავება.
შსს-ს მტკიცებით, მან 7 მარტს ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი სამართალდამცველების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. ასევე, დაწვა დაწვა პოლიციის კუთვნილი მანქანა.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.