"ფლანგვის დეტექტორმა" მიხეილ ყაველაშვილის საიდუმლო ქონება შეისწავლა

გამოქვეყნდა:

"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, უმრავლესობის დეპუტატი, "ხალხის ძალის" წევრი, მიხეილ ყაველაშვილი ქონებრივ დეკლარაციას არაკეთილსინდისიერად ავსებს. ორგანიზაციის ცნობით, დეპუტატისა და მისი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა გაუმჭვირვალეა.

"საინტერესოა, რომ საჯარო სამსახურის ბიურომ ყაველაშვილი ორჯერ, 2017 და 2019 წლებში სწორედ დეკლარაციების არასწორად შევსების გამო დააჯარიმა, უფრო კონკრეტულად კი მან არ დაადეკლარირა სრული ინფორმაცია საბანკო ანგარიშებისა და ოჯახის წევრების შემოსავლების შესახებ. ჯარიმების ჯამურმა ოდენობამ 2108 ლარი შეადგინა", - წერს "ფლანგვის დეტექტორი".

"ფლანგვის დეტექტორმა" შეისწავლა როგორ შეიცვალა 2016 წლიდან დღემდე მიხეილ ყაველაშვილის ქონებრივი დეკლარაციები:

  • 2022 წლის დეკლარაციის მიხედვით, მიხეილ ყაველაშვილის ქონებას მხოლოდ 2007 წელს, 22,000 აშშ დოლარად, გაბაშვილის ქუჩაზე შეძენილი 88 კვ.მ ფართობის ავტოფარეხი წარმოადგენს. 2022 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატის შემოსავალი მოკრძალებული იყო, გასავალი კი ფაქტობრივად არ ჰქონია.
  • 2021 წელს ყაველაშვილის და მისი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი პარლამენტის წევრის ხელფასი იყო, რომელიც 53,449 ლარს შეადგენდა.  დეპუტატს წლის მანძილზე არ ჰქონია რაიმე სახის გასავალი. მისი და ოჯახის წევრების ანგარიშებზე დანაზოგის სახით ჯამში მხოლოდ 13,556 ლარი ირიცხებოდა.

"აღსანიშნავია, რომ 2016 წელს დეპუტატის მიერ შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მას უფრო მეტი შემოსავალი და ქონება უფიქსირდებოდა ვიდრე 2022 წელს. შესაბამისად, ყაველაშვილი იმ იშვიათ დეპუტატს შორის არის, ვისი ქონებაც არა თუ გაიზარდა წლების მანძილზე, არამედ შემცირდა", - წერს "ფლანგვის დეტექტორი". 

"ფლანგვის დეტექტორის" ცნობით, მიხეილ ყაველაშვილმა 2009 წლის 23 ოქტომბერს სხვა პარტნიორებთან ერთად შვეიცარიაში კომპანია GTL Oil trade and invest gmnh დააარსა. ის კომპანიაში 24,5%-იან წილს ფლობდა, პარტნიორები კი გია და გოჩა მახათაძეები იყვნენ.  2020 წელს კომპანიამ გაკოტრების საფუძველზე ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო.

"საბოლოოდ, ჯერ კიდევ 2020 წელს დაწყებული ლიკვიდაციის პროცესი სულ რამდენიმე კვირის წინ დასრულდა. შვეიცარიის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, 2023 წლის 23 მარტს, კომპანია GTL Oil Trade and Invest GmbH -ის ლიკვიდაცია მოხდა. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კომპანიამ შეძლო პროცესთან დაკავშირებული გადასახადების დაფარვა.

საინტერესოა, რა თანხის გაღება დაჭირდება დეპუტატის, პარტნიორებთან ერთად, აღნიშნული დავალიანების გადასახდელად და დაადეკლარირებს თუ არა ამ ინფორმაციას მიხეილ ყაველაშვილი თავის დეკლარაციაში. თუმცა, 2023 წლის დეკლარაციაში კომპანიასთან დაკავშირებული ხარჯების ხილვა ნაკლებად სავარაუდოა, გამომდინარე იქიდან, რომ დეპუტატი უკვე 2021 წლიდან აღარ უთითებს ინფორმაციას კომპანია GTL Oil trade and invest gmbh-ის შესახებ" - წერს ორგანიზაცია.

"ფლანგვის დეტექტორის" ცნობით, დეკლარაციაში არ მოხვდა ყაველაშვილის ოჯახის წევრები ქონება და კომპანიები. კერძოდ, დეპუტატის მეუღლე, თამარ ბაგრატიონი შპს ჯეომაკში 40%-იანი წლის მესაკუთრეა. მეუღლის კომპანია ყაველაშვილის 2019, 2020 და 2021 წელს შევსებულ დეკლარაციაში ჰქონდა ასახული, თუმცა 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში კომპანია აღარ არის მითითებული.

"დეკლარაციით არ ფიქსირდება, რომ კომპანიაში წილები თამარ ბაგრატიონმა გაასხვისა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით კი თამარ ბაგრატიონი კვლავ ფლობს კომპანიის წილების 40%-ს", - წერს ორგანიზაცია.

"ფლანგვის დეტექტორმა" შეისწავლა მიხეილ ყაველაშვილის შვილის, მარიამ ყაველაშვილის ქონებაც:

"აღსანიშნავია, რომ მარიამ ყაველაშვილი, ოჯახის წევრად 2016-2021 წლების დეკლარაციაში იყო მითითებული, ხოლო 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში მარიამ ყაველაშვილი აღარ ფიქსირდება. 

საინტერესოა, რომ მას შემდეგ რაც მარიამ ყაველაშვილი დეკლარაციაში აღარ ფიქსირდება, მან დააფუძნა კომპანია. კერძოდ კი 2022 წლის 24 მარტს მარიამ ყაველაშვილმა შპს მელთფრანჩაიზე დააარსა, რომლის 100% მესაკუთრე და დირექტორი თავად არის. აღსანიშნავია, რომ კომპანიის დაფუძნებამდე, 2020 წლის მაისიდან, მარიამ ყაველაშვილი ინდ.მეწარმედ იყო რეგისტრირებული და კომპანია ამის შემდგომ დააფუძნა, რომელიც ბაზარზე მომხმარებლებისთვის ცნობილია, როგორც MELT."

"ფლანგვის დეტექტორი" აცხადებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ე.წ რუსული კანონის ინიცირებით ცდილობდა და ორგანიზაციებს გამჭვირვალობისაკენ მოუწოდებდა. ამავე დროს, იგი თავად უარს ამბობს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებაზე და დეკლარაციას არაკეთილსინდისიერად ავსებს.  

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი