უკანონო ბორდერიზაცია და გატაცებები - ევროსაბჭოს ანგარიში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე

გამოქვეყნდა:

ევროსაბჭომ საქართველოში მიმდინარე კონფლიქტებთან დაკავშირებით 27-ე ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიში 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის მარტის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, სადაც ძირითადად საუბარია ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული სიტუაციის შესახებ.

რამდენიმეგვერდიან ანგარიშში სერიოზული წუხილია გამოთქმული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით.

ამავე ანგარიშის თანახმად, ქართული მხარე კვლავ აგრძელებს ძალისხმევას შერიგებისა და დიალოგის ხელშეწყობისთვის.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2023 წლის თებერვლის თვეში თბილისს ევროპის საბჭოს დელეგაცია სტუმრობდა.

თბილისში დელეგაციის წევრებს ეცნობათ, რომ პროგრესი ვერ იქნა მიღწეული გიგა ოთხოზორიას, დავით ბაშარულის, არჩილ ტატუნაშვილის, ირაკლი კვარაცხელიასა და ინალ ჯაბაევის გარდაცვალების საქმეების გამოძიებაში.

ოკუპირებული აფხაზეთის ნაწილზე მსჯელობისას ანგარიშში ვკითხულობთ, რომ კვლავ შეჩერებულია გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მუშაობა. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ საანგარიშო დროში IPRM-ის შეხვედრა ერთხელაც არ გამართულა.

აქვე აღნიშნულია, რომ  საანგარიშო პერიოდში გრძელდებოდა „ბორდერიზაციის“ უკანონო სამუშაოები, მათ შორის ღობეების აღმართვა, სათვალთვალო სისტემების დამონტაჟება და გაძლიერებული მონიტორინგი ე.წ „გამშვები პუნქტების“ გარშემო.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ე.წ „საზღვრებზე“ გრძელდება უკანონო დაკავებები. საანგარიშო პერიოდში რვა უკანონოდ დაკავებული პირის იდენტიფიცირება მოხდა.

 დოკუმენტში საუბარია ოკუპირებულ აფხაზეთში ქართულ ენაზე სწავლების შესახებაც. ავტორები აღნიშნავენ, რომ განათლების მხრივ არსებული რთული მდგომარეობა აფხაზეთში არ შეცვლილა. ქართულ ენაზე სწავლის უფლება რეგიონში აკრძალულია როგორც სკოლებში, ასევე საბავშვო ბაღებში.

რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, როგორც დოკუმენტის ავტორები წერენ, საანგარიშო პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ ევროსაბჭოს დელეგაციას რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარე უკანონო „ბორდერიზაციის“ შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ამასთან ერთად, საანგარიშო პერიოდში, კვლავ ჰქონდა ადგილი უკანონო დაკავებების შემთხვევებს. საქართველოს ხელისუფლების ინფორმაციით, სულ 10 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა.

აქვე აღნიშნულია, რომ კვლევის პერიოდში, პოზიტიური ტენდენცია არ ყოფილა ჰუმანიტარული კუთხით.

ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში არსებული სიტუაციის მსგავსად, პოზიტიური ტენდენცია არ შეინიშნებოდა არც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში არსებულ სკოლებში, ქართულ ენაზე განათლების მიღების მიმართულებით.

საანგარიშო პერიოდში, პროგრესი არ დაფიქსირებულა არც იძულებით გადაადგილებულ პირთა ნებაყოფლობით და უსაფრთხო დაბრუნების მიმართულებით ოკუპირებულ რეგიონებში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი