"საქართველოში მედია თავისუფლება მცირდება" - ამ სათაურით კვლევას გერმანული გამოცემა Deutsche Welle-ს ინსტიტუტი ავრცელებს.
კვლევის ავტორები ჩვენს ქვეყანაში მედია გარემოს კუთხით არსებულ პრობლემებზე მიუთითებენ და წერენ, რომ კვლევის შედეგები საქართველოს მედიასექტორის გაუარესებას ადასტურებს.
"პოლარიზაცია, თვალთვალი და ფიზიკური თავდასხმები ხელისუფლების მხრიდან: „დოიჩე ველეს“ კვლევის შედეგები საქართველოს მედიასექტორის ბოლოდროინდელ გაუარესებას ადასტურებს," - წერს გამოცემა.
"რეფორმის ლიდერიდან მაჩანჩალობამდე," - ასე ასათაურებს პირველ ქვეთავს Deutche Welle და წერს, რომ 2003 წლის "ვარდების რევოლუციამ" გზა გაუხსნა დემოკრატიულ რეფორმებს საქართველოში. ქვეყანა მრავალი წლის განმავლობაში იმსახურებდა ქებას მისი რეფორმატორული მიღწევების გამო, თუმცა ბოლო წლებში, დემოკრატიული მიღწევები შეჩერებულია.
"ბოლო წლებში დემოკრატიზაციის მიღწევები შეჩერებულია. ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართულმა სიძულვილის ენამ და ფიზიკური თავდასხმების შემთხვევებმა, ინფორმაციის კონტროლის სამთავრობო პოლიტიკისა და ონლაინ დეზინფორმაციის ტალღების პარალელურად, მედიის თავისუფლებას ზიანი მიაყენა.
2021-დან 2022 წლამდე საქართველოში მკვეთრად დაეცა ქვეყნის მედიის თავისუფლების ინდექსი ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF)“ შეფასებაში. პრესის თავისუფლების ინდექსმა 29 პუნქტით დაიკლო და მე-60-დან 89-ე ადგილზე გადაინაცვლა 180 რანჟირებული ქვეყნიდან და ტერიტორიიდან (RSF, 2022). ანალოგიურად, გამოხატვის თავისუფლების ადვოკატირების გლობალურმა ჯგუფმა „მე-19 მუხლი“ ბოლო წლებში საქართველოს მედიაგარემოში დააფიქსირა დაღმავალი ძვრები, რითაც ქვეყანა 2020 წელს კატეგორია „ღიადან“ „ნაკლებად შეზღუდულამდე“ ჩამოქვეითდა," - წერს DW.
Deutche Welle-ს კვლევაში სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ოფიციალური პირების მიერ საქართველოს მედია გარემოს შესახებ გაკეთებული განცხადებებიც მოჰყავს:
2022 წელს რეზოლუციაში ევროპის პარლამენტმა შეშფოთება გამოხატა საქართველოში მედიასიტუაციის მნიშვნელოვანი გაუარესებისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების თაობაზე ბოლო წლების განმავლობაში. მედიაგარემო 2022 წელს გააკრიტიკა მედიის განვითარების ორგანიზაცია IREX-მაც, რომელმაც დაგმო "ცენტრალური ხელისუფლების ომი კრიტიკულ მედიასთან" საქართველოში.
აქვე კვლევის ავტორები წერენ, რომ საქართველოში პოლიტიკური სიახლეების შესახებ ინფორმაციას მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი - 87,9% ტელევიზიისგან იღებს, ინფორმაციის წყაროდ ოჯახის წევრებს ასახელებს 84,7%, მეზობლებსა და მეგობრებს - 83,8%, სოციალური მედიას ინფორმაციის გასაგებად იყენებს - 69%, ახალი ამბების ვებგვერდებს იყენებს - 36,2%, გაზეთებსა და ჟურნალებს - 14%, ხოლო რადიოს - 13%.
კვლევის ფარგლებში Deutche Welle-მ ადგილობრივი ჟურნალისტები გამოჰკითხა, რომელთა ნაწილიც ამბობს, რომ ქართული მედიაგარემო უკიდურესად პოლარიზებულია და იგი მთლიანად ფოკუსირებულია პარტიულ-პოლიტიკურ დღის წესრიგზე....
როგორც კვლევის ერთ-ერთმა რესპონდენტმა, თბილისის ეროვნული ტელეარხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, ამგვარი რთული სიტუაცია მედიაგარემოს თვალსაზრისით არასდროს ყოფილა საქართველოში. თბილისში მომუშავე ტელეწამყვანი კი ამბობს, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობენ კრიტიკული მედიასაშუალებები, მაგრამ ხელისუფლება ყოველ ღონეს ხმარობს რომ ისინი გააჩუმოს.
კვლევის ფარგლებში გამოკითხულმა ყველა ჟურნალისტმა ახსენა 2022 წლის სასამართლო პროცესი და განაჩენი, რომელიც "მთავარი არხის" დირექტორისა და დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებით დასრულდა.
2022 წლის 16 მაისს გვარამიას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სამნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. სასამართლო პროცესის დამკვირვებლებმა დაასკვნეს, რომ არ არსებობდა ბრალდების სამართლებრივი საფუძველი და მას, მაქსიმუმ, შეიძლებოდა მოჰყოლოდა კორპორაციული პასუხისმგებლობა (CPJ, 2022, 20 მაისი).
„ამნესთი ინთერნეიშენალმა“ გვარამიას დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასა (Amnesty International, 2022).
ტელევიზიის დირექტორმა (თბილისი) აღნიშნა: „ვამბობდით, რომ ისინი [ხელისუფლება] არ გვიჭერენ. გვიჭერენ! პოლიტიკურ საკითხებზე გამოხატვა უკვე შეიძლება პატიმრობის ფასად დაგიჯდეს; ხდები უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის სამიზნე. იმდენი დისკომფორტი გაქვს ცხოვრებაში, რომ ბევრი უკვე ფიქრობს, უღირს თუ არა ამის კეთება," - წერს გამოცემა კვლევაში.
კვლევაში მოხვდა 5 ივლისს, ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის შემთხვევბიც:
"ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ შეკითხვის პასუხად ყველა გამოკითხული ჟურნალისტი შეეხო 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებს, როდესაც ულტრამემარჯვენე ანტილგბტქ+ დემონსტრანტები 50-ზე მეტ ჟურნალისტს დაესხნენ თავს თბილისის ცენტრში. მინიმუმ, ხუთი ჟურნალისტი სერიოზული დაზიანებებით საავადმყოფოში აღმოჩნდა. ერთ-ერთი მათგანი იყო ალექსანდრე ლაშქარავა, პროოპოზიციური ტელევიზიის, ტვ პირველის, ოპერატორი, რომელსაც შემდეგ გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. თავდასხმიდან 6 დღის შემდეგ, ის საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. 2021 წლის 30 დეკემბრით დათარიღებულ აუტოფსიის დასკვნაში გარდაცვალების გამომწვევ მიზეზად ნარკოტიკით ზედოზირება დასახელდა. დასკვნასთან დაკავშირებით დამკვირვებლებს კითხვები აქვთ." ნათქვამია კვლევაში.
ამავე ანგარიშის მიხედვით, კვლევის მონაწილეთა 97,7% ამბობს, რომ მედიაპერსონალზე თვალთვალი, მუქარა და შეტევები საქართველოს უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს. რესპონდენტების ერთი მესამედზე მეტი კი ამბობს, რომ მათ არაფერი გაუშუქებიათ, რადგან უარყოფითი შედეგების ეშინოდათ.
აქვე რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ საქართველოში უკიდურესად არის გართულებული წვდომა საჯარო ინფორმაციაზე. უმეტეს შემთხვევაში ისეთ ინფორმაციაზეც კი, რომელიც პროაქტიულად უნდა ქვეყნდებოდეს.