
მოსკოვის ლეფორტოვოს რაიონულმა სასამართლომ დღეს, უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელს, კირილ ბუდანოვს ყირიმის ხიდზე "ტერაქტის მომზადების საქმეზე" დაუსწრებლად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. რუსული სასამართლოს გადაწყვეტილებით, "პატიმრობის" ვადის ათვლა ბუდანოვის რუსეთში ექსტრადირების დღიდან დაიწყება.
გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა ბუდანოვი, რომელიც ამბობს, რომ ეს ყველაფერი მათი კარგი მუშაობის შედეგია და რომ, ასე გააგრძელებენ - "მოხარული ვარ. ეს ჩვენი მუშაობის კარგი მაჩვენებელია, გპირდებით, რომ კიდევ უფრო კარგად ვიმუშავებ", - თქვა ბუდანოვმა.
შეგახსენებთ, დროებით ოკუპირებული ყირიმის ხიდზე აფეთქება 2022 წლის 8 ოქტომბერს მოხდა. 12 ოქტომბერს, რუსულმა FSB-მ აფეთქების ორგანიზატორად კირილ ბუდანოვი დაასახელა და მის წინააღმდეგ გამოძიება ტერორიზმის მუხლით დაიწყო.