თავდასხმა და ფიზიკური ანგარიშსწორება საქართველოს მოქალაქეების მიმართ. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები სოფელ ჭვრინისის მიმდებარედ ცოლ ქმარს სასტიკად გაუსწორდნენ. მას შემდეგ რაც ადგილობრივებმა რუს სამხედროებს წინააღმდეგობა გაუწიეს და უკანონო დაკავების შესაძლებლობა არ მისცეს, ისინი იარაღის კონდახებით სცემეს.
სასტიკად ნაცემი მეუღლეები ამ დროისთვის საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, გამოკითხვაზე იმყოფებიან და მათ საფრთხე არ ემუქრებათ. ცოლ-ქმრის უკანონო ტყვეობიდან დახსნა ქართველმა პოლიციელებმა მოახერხეს, სამართალდამცველების გამოჩენის შემდეგ რუსმა სამხედროებმა ტერიტორია სასწრაფოდ დატოვეს. ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას და 24 საათიან პატრულირებას მოითხოვს, რადგან ოკუპანტები პრაქტიკულად ყოველდღიურად და მოურიდებლად გადმოდიან ქართულ სოფლებში და მოსახლეობას აშინებენ.
ჭვრინისთან მომხდარის შესახებ "მთავარმა არხმა" წყაროსგან შეიტყო და სუს-ს გადასამოწმებლად დაუკავშირდა. უწყებამ ოფიციალური განცხადება მხოლოდ ამის შემდეგ გაავრცელა.
ავტორი: საბა ბუაძე