მოპოვებულია მტკიცებულებები და ვიდეომასალა, რომლითაც დასტურდება პაქსაშვილის მონაწილეობა ტერორისტულ საქმიანობაში- პროკურორი

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში მალხაზ პაქსაშვილს საქმეზე პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, რადგან საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს. სასამართლო პროცესს ბრალდებულიც ესწრება. 

ის ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. გარდა ამისა, უარს ამბობს ადვოკატზეც და ამბობს, რომ საკუთარ თავს თავად დაიცავს.

ბრალდების მხარე პაქსაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

პროკურორის ინფორმაციით, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულია არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ პაქსაშვილი გაერთიანდა საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციაში და მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში. პროკურორის განცხადებითვე, არსებობს ვიდეომასალაც.

პროკურორი საქმის დეტალებზე არ საუბრობს.

პაქსაშვილს ოფიციალურად ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მალხაზ პაქსაშვილი სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა ახმეტის მუნიციპალიტეტში დააკავეს. უწყების მიერ გავრცელებული ცნობით, 2013-2015 წლებში იგი ე.წ. „სამხედრო ემირების“, ძმებ ცეზარ და ცისკარა ტოხოსაშვილების დაჯგუფებაში ირიცხებოდა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ თავდასხმებსა და სამხედრო ოპერაციებში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი