2015 წელს დაბრუნდა თურქეთიდან, თუ ტერორისტია, 8 წელი რატომ არ იჭერდნენ? - პაქსაშვილის მეგობარი

გამოქვეყნდა:

პანკისის ხეობაში სუს-თან შეკითხვები აქვთ - მალხაზ პაქსაშვილის ახლობლები ამბობენ, რომ პაქსაშვილი თურქეთიდან 2015 წელს დაბრუნდა,  8 წლის განმავლობაში ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილდებოდა და თუ ტერორისტულ საქმიანობაში იყო ჩართული, რატომ არ დააკავეს აქამდე? 

ის დაბრუნდა დაახლოებით 2015 წელს საქართველოში თურქეთიდან. თუ სახელმწიფო უსაფრთხოება იძახის იმას, რომ ის ტერორისტია, მაშინ ლოგიკა სად არის, რომ 8 წელი ტერორისტი დადის და გადაადგილდება საქართველოში. რატომ არ იჭერდნენ?" ამბობს ერთ-ერთი ახლობელი

პანკისში ამბობენ, რომ არაფერი იციან პაქსაშვილის სირისა და "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირზე. როგორც დედა ამბობს, პაქსაშვილი მხოლოდ ერთხელ დაბარეს სამართალდამცველებმა, თუმცა ეს არ უკავშირდებოდა "ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანებას. 

"სირიაში იყოო იძახიან. მე რომ გითხრათ ზუსტად ვიცოდი ან წასვლის, ან იყო, არა. ესენი თუ ამტკიცებენ, რომ იყო, საზღვრის გადაკვეთის უფროსი არც მე არ ვარ, როგორც თქვენ, გადმოცემით, მეც ისე ვიცი. კონტაქტი მე არ მქონია. მე ვცხოვრობ თბილისში, ის არის აქ. რძალთან მქონია [კონტაქტი] და მომიკითხია და ევროპაში არის წასულიო.

გერმანიიდან იყვნენ ჩამოსული, გამოძიება ჩატარდა, ვიღაცა რაღაცას ედავებოდა, იმაშიც გამართლდა" ამბობს პაქსაშვილის დედა

ტერორისტულ საქმიანობაში ბრალდებულ მალხაზ პაქსაშვილს აღკვეთის სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

პაქსაშვილი სუს-ის  კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა დააკავეს.

უწყების მიერ გავრცელებული ცნობით, 2013-2015 წლებში იგი ე.წ. „სამხედრო ემირების“, ძმებ ცეზარ და ცისკარა ტოხოსაშვილების დაჯგუფებაში ირიცხებოდა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ თავდასხმებსა და სამხედრო ოპერაციებში.

პროკურატურამ პაქსაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) წარუდგინა. დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 17 წლამდე პატიმრობას  ითვალისწინებს.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი