მალხაზ პაქსაშვილს თბილისის სასამართლომ აღკვეთის სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აღკვეთის სახით, პატიმრობის გამოყენებას პროკურატურა ითხოვდა.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დახურული იყო, რადგან საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს.
პანკისის მკვიდრი, მალხაზ პაქსაშვილი სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა დააკავეს.
უწყების მიერ გავრცელებული ცნობით, 2013-2015 წლებში იგი ე.წ. „სამხედრო ემირების“, ძმებ ცეზარ და ცისკარა ტოხოსაშვილების დაჯგუფებაში ირიცხებოდა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ თავდასხმებსა და სამხედრო ოპერაციებში.
პროკურატურამ პაქსაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) წარუდგინა. დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.