
New York Times-ის ინფორმაციით, აშშ-ის საჰაერო ეროვნული გვარდიის წარმომადგენელმა, ჯეკ ტეიშეირამ, რომელსაც ბრალად ედება პენტაგონიდან საიდუმლო დოკუმენტების გავრცელება, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროდან სენსიტიურ ინფორმაცია თვეებით ადრე გაავრცელა, ვიდრე ამის შესახებ ცნობილი გახდებოდა. მედია აღნიშნავს, რომ ტეიშეირამ მასალები, სავარაუდოდ, ბევრად უფრო ფართოდ გაავრცელა.
კერძოდ, NYT წერს, რომ 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე, სოციალურ პლატფორმა Discord-ზე ერთ-ერთი პროფილიდან, რომელიც ჯეკ ტეიშეირას ანგარიშს ემთხვევა, უცნობ ჯგუფში რუსეთის ომის ძალისხმევის შესახებ დაზვერვის საიდუმლო მასალები გამოქვეყნდა. მედიის ინფორმაციით, ჯგუფში დაახლოებით 600 ადამიანი იყო გაწევრიანებული.
NYT-ის ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია მოიცავდა დეტალებს რუსებისა და უკრაინელების სამხედრო დანაკარგების, მოსკოვის ჯაშუშური საქმიანობისა და უკრაინისთვის მიწოდებული დახმარების შესახებ. გამოცემის ცნობითვე, მასალები მოიცავდა უსაფრთხოების, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსა და სხვა სადაზვერვო სააგენტოების ინფორმაციებს. New York Times აღნიშნავს, რომ ჩატი, რომელშიც დოკუმენტები გავრცელდა ადვილად ხელმისაწვდომი იყო.
გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე პენტაგონმა უარი თქვა.
პენტაგონიდან საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ინფორმაცია New York Times-მა გაავრცელა. 2010 წლის Wikileaks-ის სკანდალის შემდეგ, ითვლება, რომ ეს აშშ-ს უსაფრთხოების ყველაზე სერიოზული დარღვევაა. პენტაგონმა გაჟონვას "განზრახ, დანაშაულებრივი ქმედება" უწოდა.
ეროვნული თავდაცვის ინფორმაციის, საიდუმლო ინფორმაციისა და თავდაცვის მასალების არაავტორიზებული შენახვა - გავრცელების ბრალდებით 21 წლის ჯეკ ტეიშეირა გასულ კვირას დააკავეს.