გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის მამა, მოკლულის ოჯახთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამს და ამბობს, რომ ოჯახისთვის გარკვეული სახის ინფორმაცია აქვს, თუმცა რა, ამას არ აკონკრეტებს.
მისივე თქმით, დღეს მოსამართლე სავარაუდოდ ექვსივე ბრალდებულს პატიმრობაში დატოვებს, რადგან გადაწყვეტილება ამის შესახებ მას წინასწარ აქვს მიღებული:
ბავშვები პატიმრობაში დარჩებიან, მოსამართლეს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, არავის არ უსმენს...ვეხვეწები ქალბატონს რომ მნახოს, ინფორმაცია უნდა გადავცე - ამბობს დაკავებულის მამა. მისივე თქმით, გამოძიება არასწორი მიმართულებით მიდის.
ზ.ხ-ს მამამ დღესვე შაქარაშვილის ბიძა პოლიტიკურ ინტერესებში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ის "სიმართლეს ხელს აფარებს".
მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებული ექვსი არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე ადვოკატების ნაწილი მტკიცებულებების დაშვება-არდაშვების შუამდგომლობებსა და მათი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის, აღკვეთის შეცვლის შუამდგომლობებს დააყენებს. არასრულწლოვნების ადვოკატების ნაწილი დაკავებულების გათავისუფლებას, ნაწილი კი პატიმრობის გირაოთი შეცვლას მოითხოვს.
ადვოკატები მოწმეთა შეცვლილ ჩვენებებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მტკიცებულებები დაუშვებელია
გამოძიება ექვს არასრულწლოვანს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავება, თუმცა მტკიცებულებების შემთხვევაში არ არის გამორიცხული ამ მუხლებს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლიც დაემატოს.