
კენიის სანაპიროზე პასტორის საკუთრებაში არსებულ მიწაზე 21 ცხედარი აღმოაჩინეს. ექსჰუმაცია გამოძიების ფარგლებში ჩატარდა. კენიის პოლიციამ პასტორი 14 აპრილს დააკავა, რადგან თავის მიმდევრებს სიკვდილამდე ამარხულებდა.
პოლიციამ პასტორის საკუთრებაში არსებული მიწა ადგილობრივების შეტყობინების საფუძველზე დაარბია. სამართალდამცველებმა ადგილზე სიკვდილის პირას მყოფი 15 ადამიანი იპოვეს, მათგან 4 მოგვიანებით გარდაიცვალა. მიმდევრების თქმით, ისინი პასტორის მითითებით შიმშილობდნენ, რათა იესოს შეხვედროდნენ.
მანამდე პასტორი ორჯერ იყო დაკავებული, პირველად 2019 წელს, ხოლო მეორედ ამ წლის მარტში. ორივე საქმე ბავშვების გარდაცვალებას უკავშირდებოდა. ყოველ ჯერზე ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ორივე საქმე ჯერ კიდევ სასამართლოში განიხილება.
ადგილობრივი პოლიტიკოსები სასამართლოს მოუწოდებენ, ამჯერად არ დაუშვან მისი გათავისუფლება.