პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმედღიანი პროტესტის შემდეგ დღეს პირველად ისაუბრა აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებზე. მან დედებს, რომლებიც ექვსი დღეა ღამეს ათენებენ კანცელარიასთან სთხოვა, ნუ გამოაყენებინებენ თავს ოპოზიციას და ნუ მიიღებენ ამ პოლიტიკურ კამპანიაში მონაწილეობას.
ღარიბაშვილს არ უთქვამს, აპირებს თუ არა მშობლების მოთხოვნა გაითვალისწინოს და მათთან შეხვედრას დათანხმდეს.
"სამწუხაროდ, თქვენ ნახეთ, რომ ხდება გაუგონარი რამ. უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც გამოირჩევიან სიყალბით და ფარისევლობით, აქაც ცდილობენ ეს უმწიკვლო, უმწეო ბავშვები დაიყენონ წინ და აწარმოონ პოლიტიკური კამპანია.
მე ამ აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების მშობლების მიმართ მინდა გამოვხატო ჩვენი სრული თანაგრძნობა, მე მინდა მათ ვუთხრა, რომ ჩვენ, მთავრობა, სახელმწიფო, მათ გვერდით დგას და რა თქმა უნდა ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა. მაგრამ მე მინდა მათ ვთხოვო, რომ ნუ გამოაყენებინებენ თავს და ნუ მიიღებენ ამ პოლიტიკურ კამპანიაში მონაწილეობას, ნებსით თუ უნებლიეთ", - თქვა ღარიბაშვილმა.
მისი მტკიცებით, არცერთ პოლიტიკოს, რომელიც ახლა "ამ კამპანიაშია" ჩართული, არ გახსენებია ამ ბავშვების ბედი, არც მაშინ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, და არც მაშინ, როცა ოპოზიციაში არიან.
"ცდილობენ ყველა უბედურება, თუ ყველა განსაცდელი თუ გაჭირვებაში მყოფი ადამიანის ბედი გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად, რაც უბრალოდ რომ ვთქვათ, არის ამორალური საქციელი, ეს არის უზნეობა, ეს არის ყველაზე ზნედაცემული ქმედება, რაც შეიძლება ადამიანმა იკადროს".
იხილეთ: