ნიკა გვარამიას მეუღლის, სოფო ლილუაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ყველაზე დიდ საფრთხეს თავისუფალი სიტყვა უქმნის და სწორედ ამიტომ ჩასვეს მათ განსხვავებული აზრის მქონე ნიკა გვარამია ციხეში აბსურდული ბრალდებით.
როგორც სოფო ლილუაშვილი ამბობს, იმას, რომ ნიკა გვარამიას საქმე აბსურდულია, ამბობს არა მხოლოდ მისი ოჯახი და საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ მსოფლიოში აღიარებული ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები.
მისივე შეფასებით, ჰელსინკის კომიტეტის განცხადება გვარამიას პატიმრობის შესახებ, ყველა სხვა განცხადებასთან ერთად, ძალიან დიდ მნიშვნელობას ატარებს.
"რუსულ ხელისუფლების რეჟიმს ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის თავისუფალი სიტყვა და სწორედ ამიტომ მათგან განსხვავებული აზრის მქონე ნიკა გვარამიას შეუკერეს საქმე და სრულიად აბსურდული ბრალდებით ჩასვეს ციხეში. ამას ვამბობთ არა მხოლოდ ჩვენ, მისი ოჯახი და საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები თუ პოლიტიკოსები, არამედ მსოფლიოში აღიარებული ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები და მათ შორის არის ჰელსინკის კომისიაც, რომელიც ამერიკის მთავრობის ყველაზე ძლიერი და ყველაზე გავლენიანი ადამიანის უფლებების დაცვის Watch Dog-ია. ეს განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია ყველა იმ განცხადებასთან ერთად, რაც ნიკას საქმეს მოჰყვა და ყველა იმ გამოხმაურებასთან ერთად, რაც ნიკას საქმეს უკვე თან მოსდევს უკვე თითქმის ერთი წელია და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია დროც.
თუ პარალელს გავავლებთ, ნიკას დაკავების დროს ქვეყნისთვის ძალიან გადამწყვეტი მომენტი იყო და აი ახლა ეს დროც ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ძალიან გადამწყვეტი მომეტია, რადგან ჩვენ ყველანი ველოდებით შუალედურ დასკვნას. გასათვალისწინებელია, რომ ეს ორგანიზაციები რომლებიც ნიკას თავისუფლებისკენ მოუწოდებს ხელისუფლებას, ის ორგანიზაციებია, რომლებიც წყვეტენ საქართველოს ბედს ევროპული მომავლის კონტექსტში," - განაცხადა სოფო ლილუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 22 აპრილს აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შესახებ წერილი მისწერა. წერილის ხელმომწერები არიან ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი და სტივ კოენი, ასევე სენატორები ბენ კარდინი და როჯერ ვიკერი. სალომე ზურაბიშვილის სახელზე ამერიკელი კანონმდებლების მიმართვა ხუთშაბათს გაიგზავნა.