
ევროკავშირი მოლდოვაში რუსული ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად, მისიას გზავნის. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
ბორელის ცნობითვე, მისია სამოქალაქო სპეციალისტებისგან დაკომპლექტდება და ისინი მოლდოვის ტერიტორიაზე ორი წლის განმავლობაში იმუშავებენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მისიის მიზანი ქვეყნის უსაფრთხოების სექტორის მდგრადობის ამაღლება იქნება, ასევე ინფორმაციის მანიპულირების მცდელობის წინააღმდეგ ბრძოლა.
"დღეს ჩვენ ვაძლიერებთ ევროკავშირის მხარდაჭერას მოლდოვას უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვაში. ამ ახალი მისიის განლაგება არის ევროკავშირის მხარდაჭერის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნიშანი არსებულ რთულ ვითარებაში" - განაცხადა ბორელმა.