იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი თამარ ღვამიჩავა პირველივე სხდომას არ დაესწრო. საბჭოს კიდევ ერთი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, რომ მან უპასუხისმგებლო კადრი დანიშნა. მისივე თქმით, ღვამიჩავა ვალდებული იყო ეპასუხა ყველა იმ კითხვისთვის, რომელიც მისი დანიშვნის შემდეგ გაჩნდა.
მე მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონო სალომე, თქვენს მიერ ზარ-ზეიმით არჩეული, თანამდებობაზე დანიშნული პირი თამარ ღვამიჩავა სხდომებს არ ესწრება. ასე საჯაროდ მივმართავ კიდევ ერთხელ მას და ამ ფორმით დავუსვამ შეკითხვას, ირაკლი შენგელია არის მიხეილ ჩინჩალაძის მოადგილე, მისი მარჯვენა ხელი და შეიძლება ითქვას, რომ ჩინჩალაძე, მურუსიძეზე არანაკლები ძალაუფლების მქონე პირი სასამართლო სისტემაში, - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.
გიორგი მიქაუტაძე ფიქრობს, რომ აქ განსაკუთრებული არაფერი არ არის, რომ ერთი წევრი სხდომას არ ესწრება. ის ამბობს, რომ ნაზი ჯანეზაშვილი დაკავებული არის ინტრიგების ძიებით და რაღაც ვარაუდებს გამოთქვამს.
შეგახსენებთ, რომ 23 ივლისს, პრეზიდენტმა სალომზე ზურაბიშვილმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, არამოსამართლე წევრად თამარ ღვამიჩავა დანიშნა. თამარ ღვამიჩავამ კი არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ჩაანაცვლა, რომელმაც პოსტი 22 ივნისს დატოვა.
ცნობისთვის, კანონმდებლობის თანახმად, თამარ ღვამიჩავა არამოსამართლე წევრის პოზიციაზე ოთხი წლის ვადით იმუშავებს. კონკურსში 14 კანდიდატი მონაწილეობდა. მედიამ და საზოგადოებამ კი, თამარ ღვამიჩავას არამოსამართლე წევრად დანიშვნა დღეს შეიტყო.