
მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევები - საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო განახლებად სიას აქვეყნებს.
სიაში შესულია მაღალი დონის სავარაუდო კორუფციის 109 შემთხვევა, რომელშიც სულ მცირე, 127 მაღალი რანგის თანამდებობის პირი ფიგურირებს. მათ შორის: 13 მოსამართლე, 19 პარლამენტის წევრი, 28 მთავრობის წევრი, ან მისი მოადგილე, 32 მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირი.
"საქართველოში კორუფციული დანაშაულის აღკვეთაზე პასუხისმგებელი ორგანოები (გენერალური პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) ქმედითი რეაგირების გარეშე ტოვებენ მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევებს. განსაკუთრებით, თუ მასში მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირები ფიგურირებენ. მაგალითად, პროკურატურისა და სუს-ის გასული წლების ანგარიშები აჩვენებს, რომ ყველაზე მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც კორუფციული დანაშაულისთვის დააკავეს - მერი და ყოფილი გუბერნატორია. რეაგირების გარეშე რჩება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ პერიოდულად გაგზავნილი შემთხვევები, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ვალდებული არიან გამოძიება დაიწყონ." აცხადებს გამჭვირვალობა.
მაღალი დონის სავარაუდო კორუფციის შემთხვევების განახლებად სიაში მოხვდა საეჭვო ნებართვები და ბინები თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის ნათესავებისთვის, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, რევაზ ჯაველიძის კომპანიის მილიონიანი სახელმწიფო შესყიდვები; თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის შვილის ბიზნესი; გომელაურის სიძის მილიონიანი ქონება; დეპუტატ ლევან მგალობლიშვილის სამშენებლო ბიზნესი; თანამდებობის პირების სავარაუდო კორუფციული გარიგებები სასულიერო პირებთან; მოსამართლეებზე ზეწოლის სავარაუდო შემთხვევა და ა.შ.