
რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა მარათონ "ცოდნაში" 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ისაუბრა, - მის ამ განცხადებას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს.
მედვედევი 2008 წლის ომს "სამხედრო ოპერაციას" უწოდებს და ამბობს, რომ საქართველოში შეჭრის გადაწყვეტილების მიღება მისთვის რთული იყო.
"უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილება, რომელსაც მოგვიანებით მხარი ფედერალურმა საბჭომ დაუჭირა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო - რათა ჩაგვეტარებინა ჩვენი სამხედრო ოპერაცია, რათა საქართველოსთვის მშვიდობა გვეიძულებინა, ამ ეგრეთ წოდებულ ხუთ-დღიან ომში. ეს რა თქმა უნდა, პერსონალურად ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, რთული გადაწყვეტილება იყო," - თქვა მედვედევმა.
მან "რთული გადაწყვეტილება" უწოდა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის "დამოუკიდებელ რესპუბლიკებად" აღიარებასაც.
"ესეც ასევე რთული გადაწყვეტილება იყო, ის საჭიროებდა დისკუსიას, დადებით და უარყოფით მხარეების განსაზღვრას, ის საჭიროებდა მაქსიმალურ ყურადღებას," - ამტკიცებს რუსი პოლიტიკოსი.