
საქართველო ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია- განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე. სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისადმი და მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს ტერიტორიების ოკუპაცია.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს ნატო-საქართველოს პარტნიორობაზე, თუ როგორ შეიძლება ამ პარტნიორობის გაძლიერება.
„ჩვენ ვისაუბრეთ ნატო-საქართველოს პარტნიორობაზე და იმაზე, როგორ შეგვიძლია მისი მეტად განმტკიცება. განსაკუთრებით კი, ვისაუბრეთ საქართველოსა და ნატო-ს არსებით პაკეტზე. საქართველოს შეუძლია, ჰქონდეს ნატო-ს მხრიდან როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული, ტექნიკური მხარდაჭერის იმედი. მინდა, შევაქო საქართველოს ძალისხმევა, რომელიც მან გამოიჩინა რეფორმების განხორციელებისა და დემოკრატიული სტანდარტების, ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხში. ქართველმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მათ სურთ დემოკრატიული, ეკონომიკური კეთილდღეობის მქონე ქვეყანა, რომელიც ინტეგრირებული იქნება ევროატლანტიკურ ალიანსში. ნატო განაგრძობს საქართველოს პარტნიორობას იმ პროცესში, რომლისკენაც მიისწრაფვით თქვენი ასპირაციის მიღწევისთვის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა უკრაინაში, რუსულ აგრესიაზეც ისაუბრა და გასულ კვირას მისი კიევში ვიზიტი გაიხსენა. სტოლტენბერგი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ნატო დგას და იდგება უკრაინის გვერდით იქამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება:
„ჩვენ დღეს ასევე ვსაუბრობთ რუსულ აგრესიასა და უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. გასულ კვირას მე ვიყავი კიევში და პრეზიდენტ ზელენსკისადმი ჩემი გზავნილი იყო მკაფიო. ნატო დგას უკრაინის გვერდით დღეს და იდგება იქამდე, ვიდრე საჭიროა. ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება ომი, თუმცა ვიცით, რომ რუსული აგრესია წარმოადგენს ტოქსიკურ ტენდენციას, რომელიც უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ. საქართველოსა და ქართველ ხალხსაც ძალიან კარგად ესმით, უკრაინა იცავს საკუთარ თავს და წესრიგს და ალიანსის წევრები მხარს უჭერენ ამას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.