ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის საკითხის კენჭისყრაზე გატანას მომავალ კვირაშიც ეცდება

გამოქვეყნდა:

მომავალ სასესიო კვირაში საპარლამენტო ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში ისევ მობილიზებული იქნება - ენმ-ის ფრაქციის ოთახში გამართული კონსულტაციების შემდეგ, ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ ისევ შეეცდებიან კენჭისყრაზე დააყენონ მოსამართლეების კორუფციული საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის საკითხი, რომელსაც 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. 

გარდა ამისა, მომავალ კვირას სავარაუდოდ ბიუროზე დარეგისტრირდება კიდევ ერთი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი. გახარიას პარტია ქოლ-ცენტრების თაღლითურ სქემაზე საპარლამენტო გამოძიების ინიციატივას აყენებს, რომელსაც "ქართული ოცნება" მხარს არ უჭერს. 

შეგახსენებთ, გასულ სასესიო კვირას, "ქართულმა ოცნებამ" სამჯერ არ გაიარა რეგისტრაცია, ჩააგდო კვორუმი და  შესაბამისად, დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხი მოსამართლეების კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით, კენჭისყრაზე ვერ გავიდა.

შეგახსენებთ, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ოპოზიცია მას შემდეგ ითხოვს, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთხი მოსამართლე - ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, ვალერიან ცერცვაძე და ირაკლი შენგელია კორუფციული საქმიანობისთვის დაასანქცირა. მათ და მათი ოჯახის წევრებს აშშ-ში შესვლა აეკრძალათ. 

ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი