ღარიბაშვილის ვიზიტზე ევროსტრუქტურებში არავინ იცოდა - ევროპარლამენტის მწვანეთა პარტიის საპარლამენტო მრჩეველი

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტის მწვანეთა პარტიის საპარლამენტო მრჩევლის, თამარ გუგულაშვილის თქმით, ევროპარლამენტში საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის შესახებ არავინ იცოდა.

ამის შესახებ გუგულაშვილმა "მთავარი არხის" გადაცემა "დღის სტუმარში" ისაუბრა. მისი თქმით, ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად NATO-ს ვებგვერდზე გავრცელდა, თუმცა როგორც ევროპარლამენტში იყო ცნობილი, ღარიბაშვილი იქ შეხვედრებს არ გეგმავდა.

გადაცემაში გუგულაშვილმა ასევე ისაუბრა ღარიბაშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეხვედრაზეც. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ მიშელი ღარიბაშვილის გვერდით არ დადგა "დიპლომატიურად მრავლისმეტყველია".

"ეს კვირა საკმარისად დატვირთულია საქართველოს საკითხთან დაკავშირებით ევროსტრუქტურებში. ღარიბაშვილის ვიზიტის შესახებ აბსოლუტურად არავინ არაფერი იცოდა, განსაკუთრებით ევროპარლამენტის წევრებმა, მაშინ როცა ევროპარლამენტი სრული დატვირთვით მუშაობს. ეს ჩვენ შემთხვევით გავიგეთ. თავიდან NATO-ს ვებსაიტზე დაიდო, რადგან ჩვეულებრივად გამჭვირვალე სახით აცნობეს, რომ ჩვენი პრემიერმინისტრის ასეთი ვიზიტი შედგებოდა. შემდეგ, ჩვენ დაგვაინტერესა, რომელ ევროინსტიტუციებთან შეიძლებოდა ჰქონოდა შეხვედრა [ღარიბაშვილს], მაგრამ დარწმუნებით გავიგეთ, რომ იგი ევროპარლამენტში არ მოვიდოდა და შემდეგ გავიგეთ, რომ იგი შეხვდა შარლ მიშელს. ფაქტი, რომ შარლ მიშელი მის გვერდით არ დადგა და არ აფიშირდა მის გვერდით, დიახ, დიპლომატიურ ენაზე ძალიან მრავლისმეტყველია.

[...]

როგორც წესი, ასეთი მაღალი დონის ვიზიტები დიდი ხნით ადრე თანხმდება და ეს ევროსტრუქტურებიდან არავის დასამალი არ აქვს. როგორც იცით, ასეთ ინსტიტუციებში არის პროტოკოლური სერვისი, როცა ვიღაც მაღალი რანგის რომელიმე პოლიტიკოსი, ლიდერი ჩამოდის, როგორც წესი, ადრეა შეთანხმებული და ამის შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალედ არის ცნობილი. მე არ ვმუშაობ არც NATO-ში, არც შარლ მიშელის კაბინეტში, ნამდვილად არ ვიცი, რამდენად ადრე შეთანხმდა ეს, მაგრამ ეს ინფორმაცია სრულიად ბოლო წუთებში დაიდო ისიც NATO-ს გვერდზე და მე პირადად მაინტერესებდა და ევროპარლამენტში ბევრს ვკითხე, თუ იცოდნენ, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი დონის ვიზიტი იგეგმებოდა და კატეგორიული პასუხი მივიღე, რომ არავის ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა", - თქვა თამარ გუგულაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში 24 აპრილს გაემგზავრა. 25 აპრილს მას შეხვედრა ჰქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან და NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი