გელათში ისტორიული მემკვიდრეობა ნადგურდება. ტერიტორია, სადაც ქვევრებია განთავსებული, არ კონტროლდება და ისტორიულ ძეგლთან მისვლა და ხელის შეხება ნებისმიერ ვიზიტორს შეუძლია. არტეფაქტების მნიშვნელობაზე საუბრობენ სასულიერო პირებიც, თუმცა უჭირთ თქმა, რატომ შეჩერდა ძეგლის საკონსერვაციო სამუშაოები და რატომ არაფერს აკეთებს ხელისუფლება მონასტერში აღმოჩნილი ძეგლის გადასარჩენად. არსებულ პრობლემას ადასტურებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოშიც, თუმცა აცხადებენ, რომ დაფინანსების შემცირების პირობებში უწყება საკონსერვაციო სამუშაოების დასრულებას ვერ ახერხებს.
არქეოლოგიური სამუშაოები წლების წინ დაიწყო, საბოლოოდ, მეფეების დროინდელი სატრაპეზოს სივრცეები აღმოაჩინეს, სადაც სხვადასხვა მოცულობის ქვევრებია განლაგებული, რომლებსაც მეფეების საპატივცემულო
ღვინის მარაგად და მაცივრის დანიშნულებით იყენებდნენ.
მეორე იერუსალიმად წოდებულ მეთორმეტე საუკუნის მონასტერში აღმოჩენილი არტეფაქტების უნიკალურობაზე ტაძრის სასულიერო პირებიც საუბრობენ. სამღვდელოების განმარტებით, მათ არ აქვთ ინფორმაცია, რატომ მიატოვეს არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი უნიკალური მარანი.
ქუთაისელი გიდები ფიქრობენ, რომ გელათის ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად აღმოჩენილი ისტორიული ქვევრები მინის კონსტრუქციით უნდა დაეცვათ, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე არ შესრულებულა.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ადგილზე აღმოჩენილი ქვევრების მნიშვნელობას ადასტურებენ და ამბობენ, რომ საკონსერვაციო სამუშაოები უსახსრობის გამო შეჩერდა, რადგან კორონავირუსის შემდეგ მათ სააგენტოს დაფინანსება მნიშვნელოვნად შეუმცირდა.
გელათის მონასტერი ყურადღების ცენტრში, რამდენიმე დღის წინაც მოექცა, როცა მონასტრის ახლადრეაბილიტირებული სახურავიდან ტაძარში წყალი ჩავიდა, რის შედეგადაც უნიკალური ფრესკები დაზიანდა.