ღარიბაშვილი უნგრეთში დაგეგმილი კონსერვატიული კონფერენციის სპიკერებს შორისაა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციის სპიკერებს შორისაა. კონფერენცია ბუდაპეშტში 4-5 მაისს გაიმართება.

სპიკერების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, თუმცა უცნობია დაესწრება თუ არა საქართველოს პრემიერმინისტრი კონფერენციას.

კონსერვატიული პოლიტიკური სამოქმედო კონფერენცია (CPAC) 1974 წელს აშშ-ში დაფუძნებული კონსერვატორთა ყოველწლიური შეკრებაა.

CPAC-ზე ღარიბაშვილის მონაწილეობასთან დაკავშირებით  ბუდაპეშტში დაფუძნებული ორგანიზაცია The Center წერს. ორგანიზაცია კონსერვატიული უნგრული კვლევითი ინსტიტუტია და ის ამ კონფერენციის მასპინძელია.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და ღარიბაშვილის წარდგენა ჰომოფობიურ ნარატივს მოიცავს. The Center-ის ცნობით, ღარიბაშვილი თვლის, რომ საქართველოში აქტივისტები და პოლიტიკოსები ვალდებული არიან პატივი სცენ უმრავლესობის ნებას და ისინი LGBTQ თემის პროპაგანდას ეწინააღმდეგებიან.

"ბუდაპეშტში CPAC-ის სცენაზე საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოვა. ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერმინისტრის პოსტს 2021 წლის თებერვლიდან იკავებს. მას სჯერა, რომ საქართველო არის კონსერვატიული საზოგადოება ქრისტიანობაზე დაფუძნებული უნიკალური ღირებულებებით. 

გენდერული პროპაგანდა საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილი არ ყოფილა, მაგრამ ღარიბაშვილი თვლის, რომ აქტივისტები და პოლიტიკოსები ვალდებული არიან პატივი სცენ უმრავლესობის ნებას და ქართველების დიდი უმრავლესობა უარყოფს პროპაგანდისტულ, პროტესტანტ LGBTQ ზეწოლას", - წერს ორგანიზაცია.

ევროპაში CPAC უკვე მეორე წელია უნგრეთში ტარდება. CPAC-უნგრეთის ვებ-გვერდის თანახმად, წლევანდელი კონფერენციის დევიზია: "ერთად ჩვენ ძლიერები ვართ". მათი ცნობითვე, კონფერენციაზე მიწვეულია უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი