ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის წევრები ოპოზიციის ლიდერებს შეხვდნენ. ყველა ოპოზიციური პარტია თანხმდება იმაზე, რომ "მთავარი არხის" დამფუძნებელი პოლიტიკური პატიმარია, რომლის გათავისუფლების გარეშე საქართველოს დემოკრატია და ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
საუბრის მთავარი თემა იყო, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ბრძოლა პოლიტიკური პატიმრის გასათავისუფლებლად. შეხვედრის მონაწილეები თანხმდებიან, რომ სალომე ზურაბიშვილის იმედად ყოფნა არ შეიძლება და საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.
ოპოზიცია და მოძრაობის წევრები ხელისუფლებას მოუწოდებენ, მიიღოს ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს აბსურდული ბრალით დაკავებული ნიკა გვარამია ტყვეობიდან.
"ეს შეხვედრა არის ჩვენი მხრიდან მცდელობა, რომ შეიქმნას ერთი მხრივ კონსოლიდირებული პოზიცია, მეორე მხრივ, თანამშრომლობის ისეთი რეჟიმი, რომელიც მოგვცემს საშუალებას უფრო აქტიურად ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ ქვეყანაში არ იყოს პოლიტპატიმარი მედიამენეჯერი" ამბობს ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი გედევან ფოფხაძე.
მოძრაობის წევრებს დაგეგმილი აქვთ საპროტესტო აქციები ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით. კონკრეტული თარიღები უახლოეს მომავალში დასახელდება. ცნობილია, რომ აქციებს მხარს დაუჭერს ყველა ოპოზიციური პარტია.