შეიარაღებული თავდასხმა საქართველოს მოქალაქეებზე , მცოცავი ოკუპაცია და უკანონო გატაცებები - ეს არის ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში მიმდინარე შეხვედრის მთავარი თემები.
მოლაპარაკებებზე ცენტრალური ხელისუფლება ცხინვალის ციხეში მყოფი უკანონო პატიმრების უპირობო გათავისუფლებას და მცოცავი ოკუპაციის შეჩერებას მოითხოვს.
ამ დროისათვის საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში საქართველოს 5 მოქალაქეა, რომლებიც შეთითხნილი "ბრალდებებით" ცხინვალის ციხეში იმყოფებიან.
საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება 21 აპრილის ინციდენტი, როდესაც სოფელ ჭვრინისთან, შეიარაღებული რუსი ოკუპანტები საქართველოს მოქალაქეებს, ცოლ-ქმარს თავს დაესხნენ, სცემეს და მათი გატაცება სცადეს.
ცხინვალის რეჟიმის მხრიდან კი სავარაუდოდ კიდევ ერთხელ იქნება მოთხოვნილი ჩორჩანაში, ქართული პოლიციის საგუშაგოს გაუქმება, რასაც ისინი ერგნეთის ყველა შეხვედრაზე აყენებენ, თუმცა საქართველოს ხელისუფლება უარს აცხადებს.