მთავრობის კანცელარიასთან აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა კიდევ ერთი ღამე გაათენეს. ისინი მანამდე არ აპირებენ პროტესტის შეწყვეტას, სანამ ქვეყანაში მედიკამენტ "ვოზორიდიტის" შემოტანა და დაფინანსება არ დაიწყება.
შაბათს, 29 აპრილს, 15:00 საათზე კანცელარიასთან მორიგი აქცია გაიმართება სახელწოდებით - "წამალი ბავშვებს!"
"შაბათს გვექნება სამ საათზე ძალიან დიდი აქცია, მოლოდინი იმის, თუ რა უნდა განვითარებულიყო ძალიან კარგად ვითარდება, რადგან პროცესი აჩქარდა და ჩვენ სასიკეთოდ მიმდინარეობს. რაც შეეხება იმას, როდის გავჩერდებით მშობლები და აღარ ვიქნებით ქუჩაში 24 საათი, აღარ ვიქნებით მაშინ, როცა გვექნება განკარგულების აქტი სახელმწიფოდან, ანუ ირაკლი ღარიბაშვილისგან, სადაც ეწერება კონკრეტული თარიღი და რიცხვი, თუ როდის დაიწყებენ ჩვენი შვილები მკურნალობას", - ამბობს მშობელი, სალომე გაბელაშვილი.
წამალი, რომლის შემოტანასაც მშობლები ითხოვენ ევროკავშირსა და ამერიკაში ლიცენზირებული და დამტკიცებულია.
"ახლა გვჭირდება თქვენი გვერდში დგომა მოქალაქეებო, მეგობრებო, მშობლებო, ექიმებო, მასწავლებლებო, სტუდენტებო, მოდით შაბათს კანცელარიასთან სამ საათზე, დაგვეხმარეთ შვილების გადარჩენაში!" - ამბობენ მშობლები.
ცნობისთვის, აქონდროპლაზია გენეტიკური დაავადებაა, როცა ბავშვის სხეული ასიმეტრიულად ვითარდება და ის დაახლოებით 25 ათასიდან ერთ შემთხვევაში ვლინდება. წამალი, რომელიც ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დღეს საქართველოში არ შემოდის. მშობლები ამბობენ, რომ რომც შემოდიოდეს, დახმარების გარეშე, პირადი სახსრებით ვერ შეძლებენ მის შეძენას