
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ზბიგნევ რაუს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის მთავარ დიპლომატთან პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრები გამართა
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობასა და ამ კუთხით პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობას.
აღინიშნა, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ქართველი ხალხის დაკვეთა და მისი ურყევი არჩევანია. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პოლონეთს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისათვის, რომელიც ევროპისათვის ასევე გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელია.
საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებს და შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების მნიშვნელობას, ასევე, უკრაინაში მიმდინარე ომსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს.
მანამდე კი, ზბიგნევ რაუ ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული ბრიფინგი გაუგებრობით დასრულდა. ერთობლივ ბრიფინგზე ზბიგნევ რაუმ სიტყვა პოლონურად წარმოთქვა, სადაც მიხეილ სააკაშვილიც ახსენა, თუმცა ადგილზე არ იყვნენ პოლონური ენის თარჯიმნები. თუმცა "მთავარმა არხმა" გაარკვია რა თქვა პოლონეთის მთავარმა დიპლომატმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.
რაც შეეხება პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრას, ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს მთავრობამ თავად გაავრცელა და განცხადებაში აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები, ყურადღება დაეთმო ორმხრივ სავაჭრო და ეკონომიკურ თანამშრომლობას.
ცნობისთვის, ხვალ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციას შეხვდება.