
"თქვენ იცით, როგორ დაისახოთ ამბიციური მიზნები და თავდაჯერებულად მიდიხართ მათი შესრულებისკენ. ჩვენ ასეთ განწყობას მხარს ვუჭერთ", - ასე მიმართა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თურქეთში აქუიუს ბირთვული ელექტროსადგურის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს.
ცერემონიაში თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები დისტანციურად მონაწილეობდნენ.
"ეს არის კიდევ ერთი დამაჯერებელი მაგალითი იმისა, რამდენს აკეთებთ თქვენ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენი ქვეყნისთვის, მისი ეკონომიკის ზრდისთვის, თურქეთის ყველა მოქალაქისთვის. ეს ცერემონია მეტყველებს იმაზეც, რომ თურქეთის ხელმძღვანელობა, პირადად პრეზიდენტი დიდ ყურადღებას უთმობს რუსულ-თურქული ურთიერთობების გაფართოებას ყველა მიმართულებით. მინდა, პირდაპირ ვთქვა, თქვენ იცით, როგორ დაისახოთ ამბიციური მიზნები და თავდაჯერებულად მიდიხართ მათი შესრულებისკენ. ჩვენი მხრიდან, ჩვენ ასეთ განწყობას მხარს ვუჭერთ" - თქვა პუტინმა.
მისივე თქმით, ანკარასა და მოსკოვს შორის თანამშრომლობასა და პარტნიორობას აქვს ურთიერთმომგებიანი ხასიათი, პასუხობს ორი ქვეყნის ძირეულ ინტერესებს და ემსახურება რეგიონულ და საერთაშორისო სტაბილურობას.
პუტინმა თქვა, რომ რუსეთი და თურქეთი სამგზავრო ავიაგადაზიდვების მოცულობას გაზრდიან.
"მნიშვნელოვანია, ორ ქვეყანას შორის მგზავრობის ხელსაყრელი პირობების შექმნა. ამ კონტექსტში ჩვენ შევთანხმდით ორმხრივი ავიაგადაზიდვების მოცულობის გაზრდაზე" - თქვა პუტინმა.
ამასთან, პუტინის თქმითვე, რუსეთი და თურქეთი შეთანხმდნენ ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე, სავაჭრო ბრუნვის სტიმულირებაზე.