BBC: ამერიკელი ჟურნალისტი აცხადებს, რომ 30 წლის წინ ტრამპმა გააუპატიურა

გამოქვეყნდა:

ჟურნალ Elle-ს ყოფილი მიმომხილველი, ელიზაბეთ ჯინ კეროლი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გაუპატიურების ბრალდებით უჩივის. ამერიკელმა ჟურნალისტმა ნიუ-იორკის სასამართლოს ჩვენება უკვე მისცა.

კეროლმა მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოს განუცხადა, რომ ტრამპმა მისი რეპუტაცია გაანადგურა.

"მე აქ ვარ, რადგან დონალდ ტრამპმა გამაუპატიურა და როდესაც მე ამის შესახებ დავწერე, მან მოიტყუა, თქვა, რომ ეს არ მომხდარა. მან მოიტყუა და გაანადგურა ჩემი რეპუტაცია. მე აქ ვარ იმისთვის, რომ ვცადო და დავიბრუნო ჩემი ცხოვრება" - განაცხადა კეროლმა.

მისივე განცხადებით, დონალდ ტრამპმა მასზე სექსუალურად 1996 წელს, მანჰტენის ერთ-ერთი მაღაზიის გასახდელ ოთახში იძალადა. კეროლის ბრალდება ტრამპმა არაერთხელ უარყო. 26 აპრილს დონალდ ტრამპმა კეროლის განცხადებას "თაღლითური და ცრუ ისტორია" უწოდა.

"ის არ ყვიროდა? მოწმეები არ არიან? არავის უნახავს ეს?" - დაწერა მაშინ ტრამპმა.

მედიის ინფორმაციით, სასამართლო განხილვა სავარაუდოდ 2 კვირას გაგრძელდება. წარსდგება თუ არა დონალდ ტრამპი სასამართლოს წინაშე აღნიშნული საქმის ფარგლებში, ამ დროისთვის უცნობია.

ცნობისთვის, ელიზაბეთ ჯინ კეროლი ჟურნალ ELLE-ში მიმომხილველად 1993-2019 წლებში მუშაობდა. ის დონალდ ტრამპის მხრიდან სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ პირველად 2019 წელს ალაპარაკდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი