
"უნგრეთი არის ევროკავშირის ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა და ჩვენი მხარდამჭერი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით", - ამის შესახებ "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა თქვა, რითაც გამოეხმაურა უნგრეთში კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციაზე, პრემიერ ღარიბაშვილის მიწვევას.
ყაველაშვილი უნგრულ მხარეს მოწვევისთვის მადლობას უხდის და იმედოვნებს, რომ უნგრეთი ყოველთვის საქართველოს გვერდით იქნება.
"საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობისთვის (იმიტომ რომ, უმრავლესობის არჩეულია ჩვენი ხელისუფლება) ნამდვილად ღირებულია ის მიმართულებები, რასთან დაკავშირებითაც ტარდება ეს კონფერენცია. მოხარული ვარ, რომ ჩვენი პრემიერმინისტრი დაესწრება ამ კონფერენციას და მადლობა უნგრულ მხარეს მოწვევისთვის.
ეს არის ევროკავშირის ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა და ჩვენი მხარდამჭერი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. საზოგადოებას შევახსენებ, რომ უნგრეთი ერთ-ერთი იყო იმათგან, ვინც გამოთქვა გაკვირვება, თუ რატომ არ მიეცა საქართველოს კანდიდატის სტატუსი, რადგან მას შემდეგ, რაც ქულებთან დაკავშირებით შეფასებები გაკეთდა საქართველო იყო მოწინავე.
ეს ის ქვეყანაა, რომელიც დარწმუნებული ვარ, ყოველთვის საქართველოს გვერდით იქნება. ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. უნგრეთი ევროკავშირის ქვეყანაა და ევროკავშირში რაც უფრო მეტი გულშემატკივარი გვეყოლება, მით უკეთესი" - თქვა ყაველაშვილმა.