
ბათუმის საკრებულოში ხმაური იყო - სიტყვიერი დაპირისპირება ბათუმის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რევაზ ხარაძის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც სხდომაზე ბათუმის მერიის მიერ დამზადებული სარეკლამო პოსტერი მიიტანა.
ოპოზიციონერები ამბობენ, რომ ბარათზე დატანილი ყველა ღირსშესანიშნაობა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას აშენდა და "ქართული ოცნება" 11-წლიანი მმართველობის შემდეგაც თავს "ენმ"-ის მიღწევებით იწონებს. პარტიაში ამბობენ, რომ ამ მიღწევების მთავარი შემოქმედი ამ დრომდე საპატიმროში წამების მსხვერპლია.
"135 წლის იუბილეს აღნიშნავთ და ერთი ახალი პროექტი არ გაქვთ თქვენი დატანილი. აი, ამ კაცის რომელიც დღეს პოლიტპატიმარია, რუსეთისა და ბორინკა ივანიშვილის პატიმარია, მისი პროექტებით არის სავსე ეს მოსაწვევი. აი, ეს არის თანამედროვე ბათუმი, რომელიც მიშა სააკაშვილმა მოგცათ და მართლაც თავისუფლება მიშას," - მიმართა რევაზ ხარაზმა "ქართული ოცნების" წევრებს.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მოსაწვევზე დატანილია ის ღირსშესანიშნაობებიც, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს არ გაკეთებულა.