უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარეს - "ოცნებამ" სტრასბურგი დოკუმენტის კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე დატოვა

გამოქვეყნდა:

ხელისუფლების მორიგი  უარი სტრატეგიულ პარტნიორებს - სტრასბურგში, სამუშაო ვიზიტით ჩასულმა "ქართული ოცნების" ლიდერებმა ქვეყანა ისე დატოვეს, რომ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს. 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარა. ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე მიღებულ რეზოლუციაში წერია. ქართული ოცნება კი ისევ თავის მართლების რეჟიმშია. დღეს მედიასთან ქართველი დელეგაციიდან არავინ გამოჩენილა -  არც პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. კომენტარის გაკეთება მხოლოდ გივი მიქანაძემ ისურვა.

ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ მმართველმა გუნდმა განზრახ მიიღო სტრასბურგის გადაწყვეტილების დატოვება მაშინ, როცა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას რეზოლუცია უნდა დაემტკიცებინა. ოპოზიციისთვის მიზეზი მარტივია - რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა და პუტინის დავალებების შესრულება.

ქართული ოცნების მორიგ არამეგობრულ ნაბიჯს უკვე მოჰყვა გამოხმაურება მეგობარი უკრაინის მხრიდან. რადას დეპუტატი, ვოლოდიმერ არიევი "მთავარ არხთან" ინტერვიუში საქართველო-უკრაინის მჭიდრო ურთიერთობების მნიშვნელობაზე საუბრობს და კიდევ ერთხელ ახსენებს საქართველოს ხელისუფლების, რომ მეგობარი ქვეყნების მთავარი მტერი მხოლოდ ოკუპანტი რუსეთია.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 87 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელმაც უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ უნდა შეიქმნას პირობები უკრაინაში ბავშვების უსაფრთხოდ დაბრუნებისთვის და უნდა დაისაჯონ დამნაშავეები. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საერთაშორისო პლატფორმებზე ხელისუფლება მხარს არ უჭერს პარტნიორ ქვეყანას. 

გასული წლის 13 ოქტომბერს, ქართული ოცნების მხარდაჭერა ევროპარლამენტის არც იმ რეზოლუციას ჰქონდა, რომლითაც რუსეთი ტერორისტულს სახელმწიფოდ აღიარეს, რაც კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს საქართველოს ხელისუფლების პრორუსულ პოლიტიკასთან დაკავშირებით. 

ავტორი: ნინი ბალანჩივაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი