
ხვალ, 29 აპრილს,საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება
ცესკოს პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, ეს პირველი არჩევნებია, რომელზეც საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ ტექნოლოგიებს ფართო მასშტაბით გამოიყენებს
შუალედური და რიგგარეშე არჩევნები 10 მუნიციპალიტეტში გაიმართება. ამომრჩევლები აირჩევენ: საქართველოს პარლამენტის ფოთი-სენაკი-ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს.
სულ გაიხსნება 165 საარჩევნო უბანი. ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრა 117 საარჩევნო უბანზე ჩატარდება და მასში მონაწილეობას ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 91% მიიღებს.
განსხვავებული იქნება საარჩევნო ბიულეტენიც - ამომრჩეველი სასურველი კანდიდატის ნომერს შემოხაზვის ნაცვლად, გააფერადებს.
დანარჩენ, 48 საარჩევნო უბანზე, (მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებაში გახსნილი ერთი უბანი) კენჭისყრა ამ დრომდე არსებული წესით ჩატარდება, თუმცა ამ შემთხვევაში საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება, შესაბამის პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.
ცესკოს ცნობით, ელექტრონული აპარატები არ არის დაკავშირებული ინტერნეტის ქსელთან და კიბერჩარევის საფრთხე არ არსებობს.
სიახლეა გადასატანი ყუთით სარგებლობასთან დაკავშირებითაც - პირველად ამ არჩევნებზე, ის ამომრჩევლებიც გაივლიან მარკირების პროცედურას, რომლებიც გადასატანი ყუთის გამოყენებით მისცემენ ხმას.
რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, ათივე მუნიციპალიტეტში 185 056-ია.
საარჩევნო უბნები 06:45 საათზე გაიხსნება. კენჭისყრის პროცესი კი დილის 08:00 საათზე დაიწყება. ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებს 12 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის 30-მდე წარმომადგენელი დააკვირდება.