რუსეთში 65 წლის პენსიონერი უკრაინელი მეგობრების ისტორიების სოცქსელში გამოქვეყნებისთვის, $12 400-ით დააჯარიმეს

გამოქვეყნდა:

რუსეთში სასამართლომ 65 წლის ციმბირელი ქალი 1 მილიონი რუბლით [12 400 დოლარი] დააჯარიმა, რაც დაახლოებით ოთხი წლის პენსიის ექვივალენტს შეადგენს, მიზეზი კი გახდა ის, რომ ქალმა სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა მისი უკრაინელი მეგობრების ისტორიები, ომის დაწყების შემდეგ. ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, პროკურატურა სასამართლოსგან მოითხოვდა მარინა ნოვიკოვას სამი წლით თავისუფლების აღკვეთას 2022 წლის მარტში მის "ტელეგრამის არხზე" გავრცელებული პოსტებისთვის და ამტკიცებდა, რომ ისინი "ყალბ ინფორმაციას" შეიცავდა. 

ნოვიკოვამ სასამართლოს უთხრა, რომ ციხეს ამჯობინებდა, რადგან ჯარიმის გადასახდელად ფული არ ჰქონდა. საშუალო წლიური პენსია ტომსკის რეგიონში დაახლოებით 3 100 დოლარია.

სტატიის მიხედვით, Telegram არხზე, რომელსაც მხოლოდ 170 გამომწერი ჰყავდა, ნოვიკოვა უკრაინელი მეგობრების ტრაგიკულ ისტორიებს ჰყვებოდა. ერთ-ერთმა მიმდევარმა კი ინფორმაცია რუსეთის ხელისუფლებას მიაწოდა. 

65 წლის პენსიონერი ერთ-ერთი პირველი ბრალდებული გახდა 2022 წლის ახალი კანონით, რომელიც რუსი სამხედროების კრიტიკას ან უკრაინაში შეჭრას კრძალავს.

„ყველაფერი გავაკეთე რაც შემეძლო იმისთვის, რომ ჩემს თანამოქალაქეებს ჩემი მოესმინათ და სწორი არჩევანი გაეკეთებინათ სიკეთისა და სინათლის მხარეზე დასადგომად“, - თქვა ნოვიკოვამ განაჩენის გამოტანამდე.

განაჩენის გამოტანამდე რამდენიმე კვირით ადრე ნოვიკოვამ ვიდეო განცხადებაში თქვა, რომ მის რუს მეგობრებს "არ სურთ გაიგონ რა ხდება" უკრაინაში და რომ "პროპაგანდა გონიერებაზე ძლიერი გახდა" მის ქვეყანაში

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი