DEFENDER 2023 - საქართველო ნატოს მასშტაბურ სამხედრო წვრთნებში არ მონაწილეობს, თუმცა დაწყებამდე მონაწილეთა სიაში იყო

გამოქვეყნდა:

ევროპის კონტინენტზე ნატოს გაერთიანებული თავდაცვითი ძალების ყველაზე მასშტაბური  სამხედრო წვრთნები დაიწყო. 2 თვის განმავლობაში, 10 ქვეყნის ტერიტორიაზე, სამხედრო გადამზადებაში  შეერთებული შტატების 9000 ათასამდე და პარტნიორი და მოკავშირე ქვეყნების 17 ათასამდე სამხედრო  მიიღებს მონაწილეობას.  26 ქვეყანას შორის, გასაკვირი სულაც არ არის , რომ საქართველოც მოიაზრებოდა, თუმცა გადამზადების  დაწყების შემდეგ გაირკვა რომ ჩვენი ქვეყანა ნატოს წვრთნებში აღარ მონაწილეობს. 

ყოველწლიური წვრთნები ფოკუსირებული იქნება აშშ-ში ბაზირებული ძალების სწრაფ სტრატეგიულ გაშლაზე, საჯარისო მარაგების ეფექტურ გამოყენებასა და ევროპელ მოკავშირეებსა და პარტნიორებთან კოოპერაციაზე. სწავლების მიზანს წარმოადგენს აშშ-ის არმიის უნარის დემონსტრირება, საბრძოლველად მზადმყოფი ძალები და ტექნიკა სწრაფად განალაგოს, ასევე შეაკავოს ისინი, ვინც საფრთხეს უქმნის ევროპაში მშვიდობას და კონტინენტი აგრესიისგან დაიცვას.

პირველადი ინფორმაცია "დიფენდერ23"-ზე პენტაგონის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, სადაც წვრთნების შინაარსსა და დეკლარირებულ მიზნებთან ერთად მონაწილე პარტნიორი თუ მოკავშირე ქვეყნების ჩამონათვალიც იყო, რომელშიც საქართველოც ფიგურირებდა. ანალოგიური ინფორმაცია განთავსდა 12 აპრილს შეერთებული შტატების ევროპისა და აფრიკის შეიარაღებული ძალებს ვებ-გვერდზეც. ჩამონათვალში აქაც საქართველო მარტივად მოსაძებნია. მოგვიანებით პენტაგონი ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციას არედაქტირებს და მონაწილე ქვეყნების სიას შლის. საქართველო რომ ნატოს წვრთნებში აღარ არის Accent news-თან საუბარში ადასტურებს შეერთებული შტატების ევროპისა და აფრიკის შეიარაღებული ძალების პრეს-სამსახურიც. 

"სამხედრო წვრთნები დინამიური და ხშირად მოძრავი მოვლენაა. ქვეყნები, რომელთა მონაწილეობა მოსალოდნელია, შეიძლება, შეიცვალონ ნებისმიერი მიზეზის გამო.  ამ მომენტისთვის საქართველო წვრთნებში არ მონაწილეობს"- ნათქვამია კომენტარში.

რთული მისახვედრი არ არის რომ მსგავსი ტიპის მასშტაბური წვრთნები დაწყებამდე დიდი ხნით ადრე იგეგმება და პარტნიორი თუ მოკავშირე ქვეყნების თავდაცვის უწყებებთან დეტალურად არის შეთანხმებული. ამიტომ საქართველოს მონაწილეობაც "დიფენდერ 23"-ში  გეგმის ნაწილი უნდა ყოფილიყო. რა მიზეზით და როდის ამოვარდა ჩვენი ქვეყანა ევროპის კონტინენტზე ყველაზე მასშტაბური სამხედრო სწავლებიდან უცნობია, თუმცა ცხადია რომ ერთ-ერთი ყველაზე ახლო და გამოცდილი პარტნიორის წვრთნებიდან ამოვარდნა  შემთხვევით ხასიათს არ უნდა ატარებდეს. 

წვრთნების პირველი ეტაპი ესპანეთში უკვე დაიწყო. სწავლების პროცესისთვის შტატებიდან ესპანეთში უკვე ჩატანილია 7000 ერთეული ტექნიკა, ხოლო 13 ათასი ერთეული ევროპაში წინასწარ შექმნილი მარაგიდან გამოიყო.  მრავალეროვნული წვრთნები 10 ქვეყნის ტერიტორიაზე მოიცავს როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო და საჰაერო სწავლებებს. 

ომმა უკრაინაში როგორც არასდროს აჩვენა- რამდენად მნიშვნელოვანია ერთობა და სხვადასხვა ქვეყნის შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობა. საქართველოც ამ მასშტაბური სტრატეგიული დაგეგმარების განუყოფელი ნაწილი უნდა ყოფილიყო. წვრთნების შედეგად განისაზღვრება რამდენად სწრაფად შეუძლია  შეერთებულ შტატებს დამატებითი სამხედრო ძალების გადასროლა ცხელ წერტილში. ამისთვის კი აუცილებელია მოკავშირემ იცოდეს რამდენად შეუძლია ქართულ არმიას ერთობლივი რეაგირება და ოპერაციებში მონაწილეობა. 

ოფიციალურად არა, თუმცა რეალურად ცხადია რომ "დიფენდერ-23" -ის მთავარი მისია უკრაინაში ომმა  შეცვალა და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა. კონტექსტის გათვალისწინებით, საქართველოს უარი ნატოს წვრთნებში მონაწილეობაზე ბევრისთვის საქართველოს ხელისუფლების "რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკის" გაგრძელებაც არის, რაც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას დიდი რისკის წინაშე აყენებს. 

გლობალური სურათისა   და კონტექსტის მნიშვნელოვანი დეტალი  სომხეთის მზაობაა  მონაწილეობა მიიღოს ნატოს ერთობლივ წვრთნებში, რაზეც  ინფორმაცია ქვეყნის თავდაცვის უწყებამ გაავრცელა. საპასუხოდ ახსნა- განმარტება მოითხოვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, თუმცა ეს განმარტება არ მიუღია. სომხეთი დიფენდერ 23- ში ვერ ჩაერთო, თუმცა განაცხადიც და ვექტორიც რუსეთისთვისაც და დასავლეთისთვისაც გაგონილია.  

შეერთებული შტატების ერთობლივ წვრთნებში არის მოლდოვაც, ბოსნია და ჰერცოგოვინაც და კოსოვოც, რაც შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარების ინდიკატორია. საქართველო დღეს ამ სურათის მიღმა რჩება. ოცნების პოლიტიკით- ნატოს მიღმა, პირისპირ რუსეთთან და რუსეთთან ერთად. 

რატომ არ მონაწილეობს საქართველო DEFENDER 2023-ში? "მთავარი არხი" ამ კითხვაზე პასუხის მიღებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა უწყებას პასუხი არ გაუცია. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი