
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსები თავდაცვით პოზიციაზე გადადიან და ომის მეორე ნაწილი, რომელშიც უკრაინა აპირებს ინიციატივის აღებას, დაიწყო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ფინელ, შვედ, დანიელ და ნორვეგიელ ჟურნალისტებთან ინტერვიუში ისაუბრა.
"მე მჯერა, რომ ყოველდღე ისინი [რუსები ] სუსტდებიან და ჩვენ უფრო და უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება. მათ უკვე შეცვალეს ტაქტიკა, უკვე ფიქრობენ მათ მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაცვაზე. ეს ამ ომის კიდევ ერთი ტალღაა, ეს ჩვენთვისაც რთული ტალღაა.
ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ბრძოლის ველზე მათი გამძლეობა, ჩვენმა ძალებმა გაარღვიეს; ახლა ისინი იჭრებიან, ქმნიან თავდაცვით ხაზებს. გაგვიჭირდება, ძალიან დიდი გამოწვევა იქნება, მაგრამ ეს უკვე მეორე ნაწილია ამ ომის, რომელშიც ვაპირებთ ინიციატივის აღებას“,- თქვა ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ პრესაში ინფორმაციის გაჟონვა უკრაინის კონტრშეტევას "ნამდვილად არ ეხმარება“.
„ზოგჯერ არის ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება ამა თუ იმ მედიასაშუალებაში და ეს არ არის მხოლოდ რუსული მედია. ეს არ იმუშავებს. შეგვაჩერებს? არა, თუნდაც ეს ყოველდღე მოხდეს. ჩვენ მაინც წინ წავალთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ... არ აქვს მნიშვნელობა ეს [ინფორმაცია] ყალბია თუ სიმართლე. ამ ყველაფერს აქვს ეფექტი. და ეს ნამდვილად არ გვეხმარება. ყველაფერი დანარჩენი უმნიშვნელო დაბრკოლებებია, ჩვენ მათ გადავლახავთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ამავე ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა კონტრშეტევისთვის ემზადება, მაგრამ მეტი სიცოცხლის შესანარჩუნებლად იარაღია საჭირო.