
"საქართველოს პრემიერმინისტრი, ბუდაპეშტში რადიკალ კონსერვატორთა შეკრებაში გეგმავს მონაწილეობას. ღარიბაშვილი და კობახიძე ატყუებენ საზოგადოებას, როდესაც ამბობენ, რომ ეს არ არის ანტიდასავლური კონფერენცია", - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია საგანგებო ბრიფინგზე საუბრობს.
მნიშვნელოვანია ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ეს არის კონფერენცია, რომელსაც ტრადიციულად ესწრებიან პრორუსი პოლიტიკოსები, ისევე როგორც კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის მტრები.
რა აერთიანებს კონსერვატორთა ჯგუფს, რომელიც ბუდაპეშტში კონფერენციაზე შეიკრიბება?
პირველი: ეს არის ბრიუსელის და ევროკავშირის მტრობა.
მეორე: ეს არის სწრაფვა ავტორიტარული მმართველობისაკენ.
მესამე: ეს არის შიშებსა და შეთქმულების თეორიებზე დაფუძნებული რადიკალური პოპულიზმი, - ამბობს გეგელია.
საილუსტრაციოდ, მან საზოგადოებას უნგრული კონფერენციის რამდენიმე მონაწილე წარუდგინა. მათ შორის უნგრეთის იუსტიციის მინისტრი ჯუდიტ ვარგა, ავსტრიის თავისუფლების პარტიის თავმჯდომარე
ჰერბერტ კიკლი, პარტია „ლეგა ნორდის“ დეპუტატი იტალიის პარლამენტში, სიმონე ბილი, სლოვენიის ყოფილი პრემიერი, იანეშ იანშა და სერბეთის სახალხო პარტიის გენერალური მდივანი, იოვან პალალიჩი.
მაშინ როცა საქართველო ევროპისკენ უნდა მიდიოდეს, სწორ იდეალებს ნერგავდეს, მთავრობა დადის უტრამემარჯვენე ევროსკეპტიკოსებთან. ეს არის "ოცნების" რეალური ღირებულებები და დღის წესრიგი, შორს ევროკავშირისგან, ახლოს რუსეთთან.
სწორედ ეს გახდება "ქართული ოცნების" გარიცხვის საფუძველი ევროპული პოლიტიკური ოჯახიდან, ისევე როგორც ამ ოჯახიდან გარიცხეს ღარიბაშვილის უნგრელი მასპინძელი ორბანის პარტია.
იმ ფონზე, როდესაც „ქართული ოცნება“ ფორმალურად აცხადებს, რომ ქვეყანა ევროპული კავშირისკენ მიყავს, სინამდვილეში იგი თანამშრომლობს ევროსკეპტიკოსებთან და რადიკალებთან, ვისი მიზნებიც სრულ წინააღმდეგობაშია საქართველოს სუვერენულ ეროვნულ ინტერესებთან, - თქვა მან.