
ისრაელში სასამართლო რეფორმის კანონპროექტის გამო პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა.
მედიის ინფორმაციით, თელ-ავივში აქციაზე 200 000 ადამიანი შეიკრიბა. 30 000 ადამიანი შეიკრიბა ჰაიფაში, 18 000-მდე კფარში, 16 000 კი ნეთანიაში. აქციები ქვეყნის მასშტაბით ათობით ლოკაციაზე გაიმართა. ორგანიზატორების ცნობით, ჯამში ქუჩებში დაახლოებით 430 000 ადამიანი გამოვიდა.
ისრაელში სასამართლო რეფორმას მოქალაქეები უკვე 4 თვეზე მეტია აპროტესტებენ. კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ამ რეფორმას ძალაუფლების დანაწილების პრინციპის შესუსტებად ხედავენ. მრავალთვიანი პროტესტის შემდეგ ისრაელის პრემიერმინისტრმა კანონზე მუშაობა დროებით შეაჩერა.
დღეს, 30 აპრილს პარლამენტმა სხდომები განაახლა. მოსახლეობა ელის, რომ მთავრობა სადავო რეფორმის გატარების მცდელობას გააგრძელებს.