
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 30 აპრილის შემაჯამებელ ინფორმაციას ავრცელებს.
გენშტაბის ინფორმაციით, დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტების 20-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსი სამხედროები კონცენტრირებული არიან შეტევით მოქმედებებზე ბახმუტის, ავდიივკასა და მარინის მიმართულებით.
"ბახმუტი და მარინკა საომარი მოქმედებების ეპიცენტრად რჩება, ჩვენი სამხედროები მის დაცვას აგრძელებენ", - ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.
გარდა ამისა, როგორც უკრაინის გენშტაბი წერს, კუპიანსკის მიმართულებით რუს სამხედროებს შეტევითი ოპერაციები არ ჩაუტარებიათ, თუმცა ოკუპანტებმა ხარკოვისა და ლუგანსკის ოლქები დაბომბეს.
რაც შეეხება ლიმანის მიმართულებას, გენშტაბის ინფორმაციით, იქ ოკუპანტები საბრძოლო ხაზთან მდებარე დასახლებებს არტილერიიდან ესროდნენ.
გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი აგრძელებს შეტევით მოქმედებებს ბახმუტის მიმართულებით. ბრძოლები გრძელდება ქალაქ ბახმუტში. დღის განმავლობაში მტერმა წარუმატებელი შეტევითი მოქმედებები ჩაატარა ივანოვსკის დასახლების მიმართულებით. დონეცკის ოლქის 14 დასახლება მტრის დაბომბვის შედეგად დაზარალდა.
როგორც გენშტაბი იუწყება, 30 აპრილს რუსეთმა შეტევითი მოქმედებები განახორციელა ავდიივკას მიმართულებით, თუმცა წარმატებებს ვერ მიაღწიეს.