მარტის აქციების მონაწილე, დაკავებული 21 წლის აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის მამა ამბობს, რომ თუ ხელისუფლებას მისი შვილის დაკავება "შერჩა", კიდევ ბევრი აქტივისტის წინააღმდეგ აღძრავენ საქმეს. დღეს საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა დაიწყება. სხდომის პარალელურად სასამართლოს ეზოში აქცია გაიმართება.
"4 სანქცირებული მოსამართლეა და ლაზარეს მოსამართლემ რაღაც არასწორი რომ გააკეთოს მე-5 იქნება რიგში. არ იფიქროს ახალგაზრდებმა, რომ მე ვინმეს ვაშინებ, ლაზარე თუ შერჩათ, დარწმუნებული ვარ, ხელები გაეხსნებათ და ბევრს მიაყოლებენ ლაზარეს. ჩაწყნარებულზე დაიჭირეს ბავშვი, თავისი ორიგინალობით ამოარჩიეს, დაარქვეს მზარეული, სატანისტი და ა.შ. მე ხომ ვიცი ვინ არის ჩემი შვილი, აღარ ვარგივართ ხალხი", - თქვა ბექა გრიგორიადისმა.
ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატები აღკვეთი ღონისძიების შეცვლას მოითხოვენ.
ცნობისთვის, 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შსს-ს მტკიცებით, მან 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.