დღეს საქალაქო სასამართლოში მარტის აქციების მონაწილე აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის საქმის არსებითი განხილვა იწყება. ადვოკატები დააყენებენ შუამდგომლობას, რომ აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა, შეიცვალოს ნაკლებად მკაცრი ღონისძიების - გირაოს ან სამაჯურის გამოყენებით.
სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები იქნება წარმოდგენილი, რომელსაც დაცვის მხარე ეჭვქვეშ აყენებს. პროცესის პარალელურად საქალაქო სასამართლოსთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია გაიმართება, მოქალაქეები ეზოში 16:00 საათზე შეიკრიბებიან.
"დაცვის მხარემ ბრალდების მხარესთან გაცვალა მისთვის არსებული მტკიცებულებები. დღეს განიხილება ამ მტკიცებულებების დასაშვებობა დაუშვებლობის საკითხი, ასევე, სადავოობა უდავოობა და ბოლოს განიხილება აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვის საკითხი, კერძოდ, პატიმრობაში დარჩეს თუ არ დარჩეს ბრალდებული, რისთვისაც, დაცვის მხარე სრულ მზადყოფნაშია. მე, როგორც დაცვის მხარეს, მიმაჩნია, რომ არც თავიდან არსებობდა იმის საფუძველი, რომ ბრალდებული ყოფილიყო პატიმრობაში, მაგრამ, მითუმეტეს დღეს გვაქვს ჩვენ არგუმენტირებული შუამდგომლობა, რითიც ვიმედოვნებთ, რომ სასამართლო შეცვლის ყველაზე მკაცრ აღკვეთ ღონისძიებას, პატიმრობა, გვაქვს საკმაოდ მყარი არგუმენტები ამისთვის", - ამბობს ადვოკატი.
ცნობისთვის, 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შსს-ს მტკიცებით, მან 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.