
რუსეთის ბრიანსკის ოლქში, რკინიგზის ლიანდაგზე ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია გუბერნატორზე დაყრდნობით ავრცელებს. მედია წერს, რომ მატარებელი აფეთქების გამო რელსებიდან გადავიდა.
შემთხვევა უნეჩის რაიონში მოხდა.
"აფეთქების შედეგად რელსებიდან გადავარდა სატვირთო მატარებელის ლოკომოტივი. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია," - ციტირებს რუსული მედია ადგილობრივ გუბერნატორს.
მისივე ცნობით, დაუდგენელია თუ რა მოწყობილობა აფეთქდა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახური მუშაობს. რკინიგზა ამბობს, რომ ელმავალთან ერთად რელსებიდან გადავიდა 7 ვაგონი.
რკინიგზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა შეჩერებულია.