
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, ევროპული და ამერიკული ფულით საქართველოში ფინანსდება ისეთი იდეოლოგიის დანერგვა, რომლის მიხედვითაც თუ საჭიროდ ჩათვლი ადამიანს შეიძლება ცეცხლი წაუკიდო. ამ ფორმით ის დღეს მარტის აქციებზე დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა.
პაპუაშვილი ამბობს, რომ ამ "კამპანიის" ერთ-ერთი მოწინავე "სირცხვილიაა", რომელიც ევროპული და ამერიკული ფონდებიდან ფინანსდება. მისი აზრით, ეს აჩვენებს არაკეთილსინდისიერი დონორობის პრობლემას საქართველოში. მან ჟურნალისტებს მოუწოდა დაინტერესდნენ, უცხოური ფონდები რატომ აფინანსებენ მსგავს კამპანიებს.
"საერთო ჯამში, ეს ჯგუფებიც აღიარებენ, რომ ეს აქციები თუ პროტესტი უკავშირდება არა იმ საკითხს, რომ უზრუნველყოფილი იყოს, ან იყოს განსაკუთრებული ყურადღება, რომ სამართლიანი სასამართლო პროცესი იყოს, არამედ თავად ლოზუნგებიდან გამომდინარე, რომელიც მათ აქვთ "მე ვესროლე" და ასე შემდეგ ეს აჩვენებს, რომ ისინი ამართლებენ თავად "მოლოტოვის კოქტეილის" სროლას, ისინი ამართლებენ ადამიანისთვის ბენზინის გადასხმას და ცეცხლის წაკიდებას. [...] პრობლემა არის ის, რომ ეს პროპაგანდა მათ შორის, ეს კამპანია, ფინანსდება ევროპული და ამერიკული წყაროებით, ჩვენ ვნახეთ, რომ ამ კამპანიის, რომლის მთავარი შინაარსია, თუკი საჭიროა დაშვებულია პოლიციელს გადაასხა ბენზინი და წაუკიდო ცეცხლი, მე ვესროლე ამას ნიშნავს ხომ ეს კამპანია, თუკი ვინმე ჩათვლის, რომ სამართლიანია ეს, თუკი ვინმე ჩათვლის, რომ საჭიროა, დასაშვებია ცოცხალი ადამიანისთვის ცეცხლის წაკიდება, ამ კამპანიას აფინანსებენ ევროკავშირის ფონდები და ამერიკული ფონდები. კერძოდ, სირცხვილია არის ერთ-ერთი მოწინავე ამ კამპანიისა, ვინაიდან დაფარულია დაფინანსებები, ცნობა არ გვაქვს, მაგრამ თავად აღიარებენ რომ მათ აფინანსებს ამერიკის დემოკრატიული ფონდი და ევროკავშირის, ევროპის დემოკრატიის ფონდი, შესაბამისად, ამერიკის გადასახადის გადამხდელების და ევროკავშირის მოქალაქეების გადასახადის გადამხდელების ფულით ფინანსდება აქ ისეთი იდეოლოგიის დანერგვა, რომელიც გულისხმობს, რომ ცოცხალ ადამიანს შეიძლება წაუკიდო ცეცხლი, თუკი ეს შენ საჭიროდ მიგაჩნია. ეს რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ აჩვენებს არაკეთილსინდისიერი დონორობის პრობლემას საქართველოში, როდესაც ევროპული და ამერიკული ფულით ფინანსდება ადამიანისთვის ცეცხლის წაკიდების გამართლება", - თქვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ლაზარე გრიოგრიადისის მხარდამჭერი აქცია დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან 4 საათზე დაიწყება. პროცესი 17:00 საათზეა ჩანიშნული.