გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატები პროკურატურას საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით მიმართავენ. მიზეზი ის ინფორმაციაა, რომელიც საქმის ყოფილი გამომძიებლის მიერ "შაბათის ფორმულასთვის" მიცემულ ინტერვიუში გაჟღერდა. ყოფილი გამომძიებელი ამბობს, რომ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსია არადამაჯერებელია.
"დაუყოვნებლივ უნდა მომხდარიყო რეაგირება, მაგრამ ეტყობა შიდა სამზარეულოში მიმდინარეობს ახლა გარკვეული თათბირი, თუ რა ქმედებები განახორციელონ, ჩვენ, როგორც ამ საქმის ადვოკატები, რომლებიც არასდროს არ ჩამოვშორდებით სანამ სამართლიანობა არ აღდგება და არ გამოჩნდება დამნაშავეთა ჯგუფი, ვინც შეიწირა ეს პატარა ანგელოზი გოგო, ჩვენ მერე უკვე ყველანაირ მეთოდს გამოვიყენებთ. დღეს დაველოდებით, თუ რა პოზიცია და ინფორმაცია გავრცელდება გენერალური პროკურატურიდან, ხოლო ხვალიდან არა მარტო გენერალურ პროკურატურას, არამედ მთელ საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატებს, ყველას მივმართავთ", - თქვა მიხეილ რამიშვილმა.
ადვოკატი, ეკა ქობესაშვილი ამბობს, რომ ბაჩალიაშვილის ტელეფონის გახსნა და კანონდარღვევით მასზე ზემოქმედება მნიშვნელოვანი გარემოებაა იმისთვის, რომ გამოძიებამ მოიკვლიოს ეს ფაქტი და საქმე ძიებაში დააბრუნოს. მისი თქმით, მტკიცებულებების მოპოვება კანონდარღვევით მიმდინარეობდა.
ბაჩალიაშვილის ოჯახი ამბობს, რომ მათ ამ დრომდე არ გადასცემიათ ლეპტოპი.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი რამდენიმე დღეში იპოვეს.
თავდაპირველად გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობდა, 5-თვიანი გამოძიების შემდეგ კი პროკურატურამ განაცხადა, რომ ქალმა თავი მოიკლა და საქმე ამ დასკვნით დაიხურა.