
მიმდინარე კვირაში პარლამენტის პლენარული სხდომების დღის წესრიგში, კენჭსაყრელ საკითხთა ნუსხაში, სასამართლოს საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი შეტანილი არ არის.
პაპუაშვილმა დღევანდელ ბიუროს სხდომაზე განმარტა, რომ ეს დღის წესრიგიდან კონკრეტული საკითხის ამოღებას არ ნიშნავს, რადგან პარლამენტის ბიურო პლენარული სხდომების დღის წესრიგს ყოველ ჯერზე ხელახლა ადგენს.
პაპუაშვილს კითხვით მიმართა "ლელოს" დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა, რომელმაც მას დაზუსტება სთხოვა, თუ რის საფუძველზე მოხდა საკითხის კენჭისყრის სიიდან ამოღება, რაზეც პაპუაშვილმა უპასუხა, რომ "არსაიდან არაფრის ამოღება არ მომხდარა".
"უპირველეს ყოვლისა არაფრის ამოღება არ ხდება, როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტის პლენარული სხდომის კვირის დღისწესრიგი ყოველ ჯერზე ხელახლა არის შედგენილი. პროექტის შედგენა ხდება ბიუროს მხრიდან, შესაბამისად არ არსებობს არანაირი დღის წესრიგი რომლისგანაც რაიმეს ამოღება ხდება, ჩვენ დღეს პარლამენტის ბიურო ვადგენთ სწორედ პროექტს პარლამენტის სასესიო კვირის დღისწესრიგისა, რომელიც შემდეგ პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს," - თქვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს განუმარტა, რომ იმ შემთხვევაში თუ დადგენილ დღის წესრიგს არ ეთანხმებიან და მასში რაიმე საკითხის ჩამატება სურთ, მათ შეუძლიათ შესაბამისი მოთხოვნა ბიუროსა და პარლამენტის სხდომაზე დააყენონ.
შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" სასამართლო სისტემაში კორუფციის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე 3-ჯერ ჩააგდო.